ჩხეტიანი დაბრუნდა და ბათუმის „დინამოს“ ქულები წაართვა - ფანცულაია ბომბარდირებში დაწინაურდა #1TVSPORT
„რამაზ შენგელია – არენაზე“ ეროვნული ლიგის მესამე წრის პირველი მატჩი გაიმართა – ქუთაისის „ტორპედომ“ გათამაშების ლიდერს, ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა და რთულ შეხვედრაში მეტოქეს ძალიან მნიშვნელოვანი ქულები წაართვა.
აღსანიშნავია, რომ ქუთაისურ კლუბში ოფიციალურად დაბრუნდა კახა ჩხეტიანი, რომლის ხელმძღვანელობითაც გუნდმა ბოლო წლებში ყველა მნიშვნელოვანი ტიტული მოიპოვა და ამჯერად, ლიდერს ქულები წაართვა.
ბათუმელებმა პირველი ტაიმი დამაჯერებლად ჩაატარეს და ანგარიში მე-2 წუთზე გახსნეს. მარჯვენა ფლანგზე კარგად ითამაშა თორნიკე გრიგალაშვილმა და შეტევა საჯარიმოში ლუკას გროზურეკს გაუგრძელა, რომელმაც კარის წინ გიორგი ფანცულაია მოძებნა და ბათუმელთა თავდამსხმელმა გუნდიც დააწინაურა და თავადაც 9 გოლით ბომბარდირთა დავაში გალიდერდა. ბათუმელებმა უპირატესობა 34-ე წუთზე გაზარდეს. სანდრო ალთუნაშვილმა საჯარიმოში ლუკას გროცურეკი მოძებნა, რომლის დარტყმასაც თედორე გრიგალაშვილი გადაეღობა, მაგრამ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.
თითქოს, „დინამომ“ საქმე გააკეთა. მაგრამ ქუთაისელებმა მეორე ტაიმი კარგად ჩაატარეს. 56-ე წუთზე სტუმართა ნახევარმცველმა ბენჯამინ ტეიდმა საკუთარ საჯარიმოში ფეხი მოიქნია, მაგრამ „ტორპედოს“ კაპიტან ვაჟა ტაბატაძეს ფეხი მოარტყა და წააქცია. ქუთაისელები პენალტს ითხოვდნენ, მაგრამ მთავარმა არბიტრმა თამაში გააგრძელა. 64-ე წუთზე ფადი ზიდანის წაქცევისთვის სტუმართა კარში პენალტი მაინც დაინიშნა, რომელიც ოლეგ მამასახლისმა ზუსტად შეასრულა და თამაშს ინტრიგა დაუბრუნა 1:2. სამ წუთში კი ჩხეტიანის გუნდმა ანგარიში გაათანაბრა და მომენტის გმირი ისევ პალესტინელი ლეგიონერი აღმოჩნდა – ზიდანი საჯარიმოში შეიჭრა და მახვილი კუთხიდან ზუსტად დაარტყა 2:2.
მეორე ტაიმში ერთ-ერთი მთავარი მოვლენა ბათუმელთა შემადგენლობაში ჯოვინო ფლამარიონის გამოჩენა იყო, რომელიც გუნდს ვოლგოგრადის „როტორში“ დასრულებული იჯარის შემდეგ დაუბრუნდა. მას 91-ე წუთზე „დინამოს“ დაწინაურება შეეძლო, მაგრამ ქუთაისელები მეკარე დინო ჰამზიჩმა გადაარჩინა და „ტორპედოს“ ქულა მოუტანა 2:2.
ქუთაისის „ტორპედო“ ზედიზედ მეორე წრეა, ბათუმელებს ქულას ართმევს და 19 ტურის შემდეგ 19 ქულით მე-7 ადგილზეა. ბათუმელებმა კი 39 ქულა დააგროვეს და გათამაშების ცხრილში ერთპიროვნულად დაწინაურდნენ, მაგრამ მხოლოდ 1 ქულით გაასწრეს კონკურენტ „დინამო თბილისს“, რომელიც ტურის მატჩს ხვალ წყალტუბოს „სამგურალთან“ „დინამო-არენაზე“ გამართავს და მოგების შემთხვევაში გალიდერდება.