ჩხაიძის წარმატებული დებიუტი - საქართველოს ქალთა ნაკრებმა აზერბაიჯანი დაამარცხა #1TVSPORT
ჩხაიძის წარმატებული დებიუტი - საქართველოს ქალთა ნაკრებმა აზერბაიჯანი დაამარცხა #1TVSPORT

საქართველოს ქალთა ნაკრებმა აზერბაიჯანთან პირველი ამხანაგური მატჩი გამართა და დაძაბულ ბრძოლაში საკმაოდ ძლიერი მეტოქე დაამარცხა. ეს იყო გიორგი ჩხაიძის პირველი შეხვედრა მთავარი მწვრთნელის როლში, შეხვედრას კი ახალგაზრდული ევროფინალის მსაჯი გიორგი ყრუაშვილი უძღვებოდა.

სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ გამართულ შეხვედარში ანგარიში 27-ე წუთზე თეონა ბაქარაძემ გახსნა. „ლანჩხუთის“ მოთამაშემ საქართველოს ნაკრების ჩინებული ფლანგური შეტევა და ლელა ჭიჭინაძის გადაცემა ერთი შეხებით დააგვირგვინა და ეფექტური გოლის ავტორი გახდა.

29-ე წუთზე პატარა ინციდენტი მოხდა. ჩვენი ნახევარმცველი ტატიანა მატვეევა ბურთის ართმევის დროს აზერბაიჯანელების 10 ნომერს, ქართველ ნახევარმცველს, ქრისტინა ბაკარანძეს ხისტად ეთამაშა, მაგრამ ინციდენტი მალე დასრულდა. ბაკარანძე წელს „ლანჩხუთმა“დაიმატა. აზერბაიჯანის ეროვნული ნაკრების წლის თავდამსხმელი ამ ქვეყნის სახელით კი 2018 წლიდან გამოდის.

სტუმართა სათადარიგოებში იყო ჯოშუნა ალიევა, რომელიც საქართველოს ჩემპიონ „ნიკეში“ თამაშობს და ქალთა ლიგის მესამე ტურში „ბათუმს“ ექვსი გოლის გაუტანა. ამ მაჩვენებლით ის საქართველოს ქალთა ლიგის მიმდინარე სეზონის რეკორდსმენია. ის მოედანზე 65-ე წუთზე გამოჩნდა.

საქართველოს ნაკრებმა 45-ე წუთზე სხვაობა გაზარდა. კუთხური თეონა თოდაძემ ჩააწოდა და კარში ჩაახვია, აზერბაიჯანელების მცველმა ნიგარ მირზალიევამ კი ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა 2:0.

მეორე ტაიმი დაძაბული და ხისტი გამოდგა. 58-წუთზე ალინა დოროფეევა წაქცეულ ირინა ხაბურზანაის ეუხეშა, რასაც მორიგი ინციდენტი მოჰყვა და არბიტრმა მათი ემოციები ყვითელი ბარათებით ჩააცხრო.

65-ე წუთზე მაიკო ბებიამ ჩვენს საჯარიმოში დოროფეევა წააქცია და დაინიშნა პენალტი, რომელიც აისუნ ალიევამ გამოიყენა და სხვაობა შეამცირა. აზერბაიჯანელები უპირატესობას ფლობდნენ და უტევდნენ, მაგრამ რამდენიმე ეპიზოდში ჩვენი ნაკრები მეკარე თათია გაბუნიამ გადაარჩინა. საქართველოს ნაკრებმა კი მწვავე კონტრშეტევა განახორციელა – ირინა ხაბურზანიას პასით ანასტასია ბოლქვაძემ ისარგებლა და მეტოქეს მესამე გოლი გაუტანა.

აზერბაიჯანელებმა ისევ შეუტიეს. 90+4-ე წუთზე თათია გაბუნიამ მშვენიერი რეაქცია გამოავლინა და ძლიერი დარტყმა მოიგერია. მაგრამ კუთხურიდან მოწოდებული ბურთი ვერ აიღო და აიშან აჰმადოვამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:2 საქართველოს ქალთა ნაკრების სასარგებლოდ.

 


საქართველო – აზერბაიჯანი 3:2


გოლები: 1:0 ბაქრაძე (45. ჭიჭინაძის პასით), 2:0 მირზალიევა (45. ავტოგოლი), 2:1 ალიევა (65. პ), 3:1 ბოლქვაძე (82. ირინა ხაბურზანიას პასით), 3:2 აჰმადოვა (90+5. ალიევას პასით),

საქართველო: გაბუნია, ჩხარტიშვილი, სუთიძე, კალანდაძე, ბებია (83. ქადაგიშვილი), თოდაძე, ხაბურზანია (89. ხანდაზიანი), პასიკაშვილი (83. დანელია), მატვეევა, ბაქრაძე (89. წოწერია), ჭიჭინაძე

მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჩხაიძე

გაფრთხილებები: პასიკაშვილი (49), სუთიძე (54), ხაბურზანია (58), დოროფეევა (58), მამადოვა (75), ბოლქვაძე (76), ბაკარანძე (83), წოწერია (90+1)


საქართველოსა და აზერბაიჯანის ნაკრებთა მეორე ამხანაგური შეხვედრა 14 ივნისს გაიმართება. გუნდები ერთმანეთს 19:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდებიან. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის YouTube არხი შემოგთავაზებთ.