ჩინური მედიის ცნობით, სი ძინპინი მხარს უჭერს ყველა მხარის თანაბარუფლებიანი მონაწილეობით უკრაინის საკითხზე სამშვიდობო კონფერენციის გამართვას
ჩინური მედიის ცნობით, სი ძინპინი მხარს უჭერს ყველა მხარის თანაბარუფლებიანი მონაწილეობით უკრაინის საკითხზე სამშვიდობო კონფერენციის გამართვას

ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი მხარს უჭერს უკრაინის საკითხზე სამშვიდობო კონფერენციის გამართვას ყველა მხარის თანაბარუფლებიანი მონაწილეობით.

როგორც ჩინური მედია იტყობინება, ჩინეთის ლიდერმა ამის შესახებ გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან შეხვედრისას განაცხადა.

„ჩინეთი მხარს უჭერს ყველა ძალისხმევას, რომელიც მიმართულია კრიზისის მშვიდობიანი დარეგულირებისკენ და მხარს უჭერს რუსეთისა და უკრაინის მიერ აღიარებული სამშვიდობო საერთაშორისო კონფერენციის დროულ მოწვევას, ყველა მხარის თანაბარუფლებიანი მონაწილეობით და ყველა სამშვიდობო ვარიანტის სამართლებრივი განხილვით. ასევე, მზად არის, მხარი დაუჭიროს ამასთან დაკავშირებით ყველა შესაბამის მხარესთან თანამშრომლობას, მათ შორის, გერმანიასთან“, – აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

უკრაინის საკითხზე საერთაშორისო სამშვიდობო კონფერენცია შვეიცარიაში 15-16 ივნისს გაიმართება. უკრაინულმა მხარემ სამიტზე ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი დაპატიჟა.

სი ძინპინმა და ოლაფ შოლცმა განაცხადეს, რომ მხარს უჭერენ გაერო-ს წესების მიზნებსა და პრინციპებს, ასევე გამოდიან ბირთვული იარაღის გამოყენებისა და ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმის წინააღმდეგ.