ჩინური კოსმოსური სადგურის ნამსხვრევები შესაძლოა, ევროპის ტერიტორიაზე ჩამოვარდეს
ჩინური კოსმოსური სადგურის ნამსხვრევები შესაძლოა, ევროპის ტერიტორიაზე ჩამოვარდეს. ჩინური კოსმოსური სადგური „ტიანგუნ-1“ ორბიტიდან 29 მარტიდან 4 აპრილამდე პერიოდში მოწყდება.
როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, სადგურის ნამსხვრევები, შესაძლოა, ესპანეთის, პორტუგალიის, საფრანგეთისა და საბერძნეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდეს. ამის შესახებ კალიფორნიაში მდებარე კოსმოსური კორპორაციის მკვლევარები იუწყებიან. მათი გათვლებით სადგური ატმოსფეროში შესვლის დროს პატარა ნაწილებად დაიშლება, თუმცა შესაძლოა, დედამიწაზე 100 კილოგრამიანი ნამსხვერვები მაინც ჩამოვარდეს.
ამასთან დაკავშირებით ევროპის ქვეყნების ხელისუფლება უკვე გაფრთხილებულია. მეცნიერები ამბობენ, რომ კოსმოსური სადგურის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ადამიანების დაშავების რისკი დაბალია, მაგრამ მაინც არსებობს.
კოსმოსური სადგური „ტიანგუნ-1“ 8,5 ტონას იწონის, ის 12 მეტრის სიგრძისაა და მისი დიამეტრი 3,3 მეტრს შეადგენს. ის ორბიტაზე 2011 წელს გაუშვეს.