ჩინეთში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 56-მდე გაიზარდა
ჩინეთში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 56-მდე გაიზარდა

ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 56-ს მიაღწია. დაავადებულია ორი ათასამდე ადამიანი, მათგან 300-ზე მეტის მდგომარეობა მძიმეა. შესაბამის მონაცემებს ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, ახალი კორონავირუსით ასევე სავარაუდოდ დაავადებულია კიდევ 2700-მდე ადამიანი, თუმცა მათი დიაგნოზი ჯერ საბოლოოდ არ არის დადასტურებული.

ახალი ტიპის კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა ყველაზე დიდი რაოდენობა – 52 ადამიანი ქალაქ უხანშია, რომელიც ვირუსის გავრცელების ეპიცენტრია. დაავადების შემთხვევები დაფიქსირებულია პეკინსა და შანხაიშიც.

კორონავირუსი ასევე გამოვლენილია სამხრეთ კორეაში, იაპონიაში, ტაილანდში, მალაიზიაში, ნეპალში, ვიეტნამში, აშშ-სა და საფრანგეთში.