ჩინეთში კანადის მოქალაქეს ნარკოტიკით ვაჭრობისთვის სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს
ჩინეთში სასამართლომ კანადის მოქალაქეს ნარკოტიკით ვაჭრობისთვის სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. როგორც სასამართლოს გადაწყვეტილებაშია ნათქვამი, ბრალდებული ფან ვეი ხელმძღვანელობდა დაჯგუფებას, რომელიც მეტამფეტამინს ყიდდა და აწარმოებდა. სასამართლომ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა კიდევ ერთ ბრალდებულ ვუ ზიპინს, რომლის მოქალაქეობა უცნობია. მას პროკურატურა ფან ვეის თანამზრახველად მიიჩნევს.
სასამართლომ ამავე საქმეზე ასევე განაჩენი გამოუტანა ცხრა სხვა პირს, მათ შორის ერთი ამერიკელი და ოთხი მექსიკელია. ამასთან, უცნობია, თუ რა მიესაჯათ მათ. თერთმეტივე მსჯავრდებულს განაჩენის გასაჩივრების უფლება აქვს.
ფან ვეი კანადის მეორე მოქალაქეა, რომელსაც მიმდინარე წელს სიკვდილი მიუსაჯეს. ჩინეთსა და კანადას შორის ურთიერთობები მკვეთრად დაიძაბა მას შემდეგ, რაც დეკემბერში კანადის პოლიციამ აშშ-ის მოთხოვნით დააკავა „ჰუავეის“ფინანსური დირექტორი მენ ვანჩჟოუ.