ჩინეთში აცხადებენ, რომ ვაშინგტონის ქმედებები პეკინის ინტერესებს თუ დააზიანებს, საპასუხო ნაბიჯებს გადადგამენ
ჩინეთში აცხადებენ, რომ ვაშინგტონის ქმედებები პეკინის ინტერესებს თუ დააზიანებს, საპასუხო ნაბიჯებს გადადგამენ

ჩინეთი აშშ-ს აფრთხილებს, რომ თუ ვაშინგტონის ქმედებები ჩინეთის ინტერესებს დააზიანებს, პეკინი საპასუხო ნაბიჯებს გადადგამს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. საქმე ეხება ჩინეთის პარლამენტის მიერ მიღებული „უსაფრთხოების შესახებ კანონს“, რომლიც ჰონგ კონგზეც გავრცელდება.

ვაშინგტონში განაცხადეს, რომ ამ ნაბიჯით პეკინი ჰონგ კონგის ავტონომიას ლახავს. დონალდ ტრამპმა ახალი კანონის მიღება „ჰონგ კონგელი ხალხისთვის ტრაგედიად“ შეაფასა. ამასთან ერთად, ტრამპის განკარგულებით, აშშ-ის მიერ ჰონგ კონგისთვის დაწესებული შეღავათების გაუქმება დაიწყება. აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ „ჰონგ კონგის თავისუფლების შელახვაში“ ჩართულ ფიზიკურ პირებს სანქციები დაუწესდებათ.

ამ განცხადებების გამო ჩინეთის საგარეო უწყებაში პროტესტი გამოთქვეს.

„დაანონსებული ზომები ჩინეთის შიდა საქმეებში ჩარევაა და აზიანებს აშშ-ისა და ჩინეთის ურთიერთობებს, ეს ორივე მხარისთვის საზიანოა. ნებისმიერ სიტყვებს ან ქმედებებს, რომლებიც ჩინეთის ინტერესებს ავნებს, საპასუხო ნაბიჯები მოჰყვება“, – განაცხადეს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.