ჩინეთმა მზის პანელებით აღჭურვილი თავისი პირველი გიგანტური ხომალდი ააგო. მას ათასობით ავტომობილის გადატანა შეუძლია

15:31, 26.07.2026
ახალი გემის ვიზუალიზაცია

ახალი გემის ვიზუალიზაცია


გემთმშენებელთა შორის ჩინეთი, ბოლო დრომდე, ფაქტობრივად, აუტსაიდერად მიიჩნეოდა. თუმცა, მდგომარეობა სწრაფად იცვლება. ამის დასტურია სამხრეთკორეული კომპანიის მიერ ჩინეთისგან შეძენილი უახლესი ხომალდი.

 

ამ კვირაში ჩინეთმა სამხრეთკორეულ კომპანია Korea Ocean Business Corporation-ს (KOBC) ავტომობილების გადამზიდი პირველი გემი გადსცა, რომელიც ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად ფოტოელექტრულ სისტემას იყენებს. ხომალდს, რომელსაც ერთდროულად ათი ათასზე მეტი სატრანსპორტო საშუალების გადატანა შეუძლია, ორმაგი საწვავის ძრავები აქვს.

მიუხედავად იმისა, რომ ახალი გემის მფლობელი KOBC-ია, მის ოპერირებას ლოჯისტიკური კომპანია Hyundai Glovis-ი განახორციელებს, რომელიც მას იჯარით აიყვანს. საზღვაო ხომალდის მთავარი დანიშნულება იმავე სახელწოდების („ჰიუნდაი“) კომპანიის მიერ გამოშვებული ავტომობილების ევროპის, აზიისა და ამერიკის ბაზრებზე ტრანსპორტირებაა.

ექსპერიმენტი მზის ენერგიის გამოყენებით

ბოლო დრომდე ჩინეთს დიდი გემების აგება არ შეეძლო; ამიტომ, ის, ძირითადად, ევროპულ გემთმშენებელ ქარხნებში აგებულ ხომალდებს იყენებდა. თუმცა, ბოლო წლებში ქვეყანა ინდუსტრიის ამ სექტორს დიდ ყურადღებას აქცევს, რათა საერთაშორისო ვაჭრობაზე კონტროლი კიდევ უფრო გააძლიეროს.

ეს ჩინეთის მიერ საექსპორტოდ წარმოებული ამ ზომის უკვე მეოთხე ხომალდია, თუმცა ის იმითაც არის გამორჩეული, რომ თავის კლასში პირველია, რომელიც მზის ენერგიის სისტემით აღიჭურვა. გემის მწარმოებლის, Guangzhou Shipyard International-ის (GSI) განცხადებით, ამ სისტემას, პიკური დატვირთვისას, 200 კილოვატამდე ენერგიის გამომუშავება შეუძლია და 5.5-დან 7 საათამდე მზიანი ამინდის პირობებში, დღეში დაახლოებით 1 000 კილოვატ-საათ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. ეს ენერგია ხმარდება ხომალდის მუშაობას, ამცირებს საწვავის მოხმარებას და, შესაბამისად, გემის საერთო ენერგოეფექტურობას აუმჯობესებს.

გემი ორმაგი საწვავის სისტემას იყენებს და მუშაობს როგორც ჩვეულებრივ სათბობ მაზუთზე, ისე თხევად ბუნებრივ აირზე (LNG). გარდა ამისა, მას აქვს ელექტროენერგიის ელემენტებიც, რომლებიც, ძირითადად, ბორტზე არსებული აღჭურვილობის ენერგომომარაგებას უზრუნველყოფენ. GSI-ის ცნობით, ეს კომბინაცია საზღვაო ხომალდს თავის კლასში ყველაზე ეკონომიურ (საწვავის მოხმარების კუთხით) გემად აქცევს.

დამზადებულია ჩინეთში

ხომალდი მთლიანად ჩინეთში შეიქმნა; მისი დიზაინი შანხაის სავაჭრო გემების დიზაინისა და კვლევის ინსტიტუტში შემუშავდა, ხოლო მშენებლობა GSI-ის გემთმშენებელ ქარხნებში წარიმართა. ის უკვე სერტიფიცირებულია საკლასიფიკაციო საზოგადოებების, Det Norske Veritas-ისა და Korean Register-ის მიერ, რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეუძლია ოპერირება.

გემი დაახლოებით 230 მეტრი სიგრძისა და 40 მეტრი სიგანისაა, ხოლო მისი წყალშიგი (წყალში ჩაძირული ნაწილის სიღრმე) 10.5 მეტრს შეადგენს. მას შეუძლია იმოძრაოს 19 კვანძამდე სიჩქარით, რაც დაახლოებით საათში 35 კილომეტრია. ხომალდის ენერგიის მთავარი წყარო გაზია; გემის LNG-ი ავზები მთელი რეისისთვის საკმარის საწვავს იტევს, ამიტომ ხანგრძლივი მოგზაურობისას საწვავის დამატება საჭირო არ არის.

გემს ავტომობილებისთვის განკუთვნილი 14 გემბანი აქვს, რომელთაგან 9 ფიქსირებულია ,5 კი – რეგულირებადი. ასეთი დაგეგმარება გემს საშუალებას აძლევს, გადაზიდოს მსუბუქი ავტომობილები, ფურგონები, მძიმე სატვირთო მანქანები, სატვირთო კონტეინერების მისაბმელები და სხვა დიდი ზომის სატრანსპორტო საშუალებები. სატრანსპორტო საშუალებების გარდა, ხომალდს ასევე შეუძლია გადაიტანოს შეფუთული სახიფათო ტვირთები, რომელთა გადაზიდვა საერთაშორისო საზღვაო სახიფათო ტვირთების კოდექსით რეგულირდება. ეს ნიშნავს, რომ კომპანიებს, რომლებიც ამ გემის სერვისებით ისარგებლებენ, მისი სივრცის ათვისებისას დიდი არჩევანი ექნებათ.

 

სტატიის ავტორი: ტომაშ კარლიკი, ჩეხეთის ტელევიზია(CT-Česká televize)

ფოტოს ავტორი: Guangzhou Shipyard International

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 24 ივლისი, 2026 წელი, 14:00 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)

მსგავსი