ჩინეთმა ე.წ. კოვიდპასპორტების გაცემა დაიწყო
ჩინეთმა ე.წ. კოვიდპასპორტების გაცემა დაიწყო

ჩინეთმა ე.წ. კოვიდპასპორტების გაცემა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ჩინეთი მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სერთიფიკატებს გასცემს, სადაც ასახულია ინფორმაცია პირის ვაქცინაციის და კორონავირუსის ტესტის პასუხის შესახებ.

აღნიშნული სერთიფიკატი ჩინეთის მოქალაქეებისთვის ელექტრონულად, ჩინური სოციალური პლატფორმის, „ვიჩათის“ საშუალებითაც არის ხელმისაწვდომი.

„გარდიანის“ ინფორმაციით, სერთიფიკატის აღება მოქალაქეებისთვის ჯერ ნებაყოფლობითია და ის მსოფლიოში პირველ „კოვიდპასპორტად“ მიიჩნევა.

მსგავსი ზომების მიღებას განიხილავენ აშშ-სა და დიდ ბრიტანეთშიც. ევროკავშირი კი ვაქცინაციის „მწვანე პასპორტზე“ მუშაობს, რომელიც მოქალაქეებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის და საზღვარგარეთ მოგზაურობის შესაძლებლობას მისცემს.

ჩინეთის მიერ გაცემული დოკუმენტი დაშიფრულ QR კოდსაც მოიცავს, რომელიც თითოეულ ქვეყანას საშუალებას აძლევს, მოგზაურის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიიღოს.

დატოვე კომენტარი