ჩინეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
ჩინეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

ჩინეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. „როიტერის“ ინფორმაციით, საუბრისას პეკინი კვლავ გამოვიდა უკრაინაში კონფლიქტის დასასრულებლად მოლაპარაკებებისკენ მოწოდებით.

„ომები ადრე თუ გვიან სრულდება. ახლა მთავარია, როგორ ვიფიქროთ ტკივილზე, როგორ შევინარჩუნოთ ევროპაში გრძელვადიანი მშვიდობა და ჩამოვაყალიბოთ ევროპული უსაფრთხოების დაბალანსებული, ეფექტიანი და მდგრადი მექანიზმი. ჩინეთი მზად არის, შეასრულოს კონსტრუქციული როლი ამ მიმართულებით ობიექტური პოზიციიდან“, – ციტირებს ჩინეთის საგარეო უწყება ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვან ის განცხადებას.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საუბარი უკრაინული მხარის ინიციატივით შედგა და ეს იყო პირველი მაღალი დონის საუბარი ორ ქვეყანას შორის პირველი მარტის შემდეგ, როდესაც დმიტრო კულებამ ჩინეთს მოუწოდა, გამოიყენოს თავისი კავშირები მოსკოვთან რუსეთის ინტერვენციის შესაჩერებლად.

თავის მხრივ, სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოქვეყნებულ განცხადებაში, კულებამ ჩინელ კოლეგას მადლობა გადაუხადა სამოქალაქო მსხვერპლისადმი გამოხატული სოლიდარობისთვის.

„ჩვენ ორივე ვიზიარებთ რწმენას, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულება ემსახურება მშვიდობის, გლობალური სასურსათო უსაფრთხოებისა და საერთაშორისო ვაჭრობის საერთაშორისო ინტერესებს“, – აღნიშნავს უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.