ჩინეთის საგარეო უწყება - ჩინეთს არასდროს მიუწოდებია ლეტალური იარაღი უკრაინაში არცერთი მხარისთვის, უკრაინამ ეს კარგად იცის, ჩინეთი მტკიცედ ეწინააღმდეგება პოლიტიკურ მანიპულაციებს
ჩინეთი პოლიტიკურ მანიპულაციას უწოდებს უკრაინის განცხადებას, რომ ჩინეთი რუსეთის სამხედრო ქარხნებს ამარაგებს.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მაო ნინის განცხადებით, პეკინი უკრაინაში ომის დასრულებას ემხრობა.
„ჩინეთის პოზიცია უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ყოველთვის ნათელი იყო და ის აქტიურად იყო ჩართული ომის შეჩერებასა და ცეცხლის შეწყვეტაში, მშვიდობისკენ სწრაფვასა და მოლაპარაკებების ხელშეწყობაში. ჩინეთს არასდროს მიუწოდებია ლეტალური იარაღი უკრაინაში კონფლიქტის არცერთი მხარისთვის და მკაცრად აკონტროლებს ორმაგი დანიშნულების სამხედრო და სამოქალაქო ნივთებს. უკრაინულმა მხარემ ეს ძალიან კარგად იცის და ჩინეთი მტკიცედ ეწინააღმდეგება უსაფუძვლო ბრალდებებსა და პოლიტიკურ მანიპულაციებს“, – აღნიშნა მაო ნინმა.
მანამდე უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურმა განაცხადა, რომ ჩინეთი 20 რუსულ სამხედრო ქარხანას დაზგებს, დენთსა და მნიშვნელოვან პროდუქტებს აწვდის.