ჩინეთის საგარეო უწყება აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას Huawei-ს მობილური ტელეფონების გამოყენებას ურჩევს
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას სთავაზობს, Huawei-ს მობილური ტელეფონები გამოიყენოს ან მსოფლიოსთან ყველანაირი კავშირი გაწყვიტოს, თუკი ვაშინგტონში შიშობენ, რომ პრეზიდენტის „აიფონი“ისმინება.
აღნიშნული განცხადება ჩინეთის საგარეო უწყებამ მას შემდეგ გაავრცელა, რაც გამოცემა The New York Times-მა სადაზვერვო სამსახურის ანგარიშებზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სატელეფონო ზარებს რუსი და ჩინელი ჯაშუშები უსმენენ.
„თუ ისინი მართლა შეშფოთებულები არიან, რომ Apple-ის ტელეფონები ისმინება, შეუძლიათ, Huawei-ის გამოყენებაზე გადავიდნენ. თუ ისინი მაინც არ იგრძნობენ თავს კომფორტულად, მაშინ იმისთვის, რომ მათ მთლიანად დაცული მოწყობილობა ჰქონდეთ, შეუძლიათ შეწყვიტონ ყველა ფორმის თანამედროვე საკომუნიკაციო მოწყობილობების გამოყენება და გაწყვიტონ ყველანაირი კავშირი მსოფლიოსთან“, -აღნიშნა ჩინეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
მედიასაშუალების ცნობით, პრეზიდენტის თანაშემწეებმა არაერთხეულ გააფრთხილეს ის, რომ პირადი მობილური ტელეფონიდან სატელეფონო ზარები უსაფრთხო არ არის, ამიტომ დონალდ ტრამპს თეთრი სახლის დაცული სატელეფონო ხაზის გამოყენებას ურჩევენ, თუმცა პრეზიდენტი ამ რჩევას ხშირად უგულებელყოფს.
თავად აშშ-ის პრეზიდენტმა გამოცემის ინფორმაციას მცდარი და მოსაბეზრებელი უწოდა. The New York Times-ის მიერ გამოქვეყნებული ცნობა უარყო ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმაც.