ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ დონალდ ტრამპის ვიზიტი ჩინეთში მომავალ წელს არის დაგეგმილი
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ვიზიტი ჩინეთში მომავალ წელს არის დაგეგმილი.
მანამდე, სი ძინპინთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთში 2026 წლის აპრილში ჩავა.
„ორივე ქვეყნის ლიდერი შეთანხმდა, რომ შეინარჩუნებენ რეგულარულ კომუნიკაციას. პრეზიდენტი ტრამპი ელოდება მომავალ წელს ჩინეთში ვიზიტს და მიიწვია პრეზიდენტი სი ძინპინი შეერთებულ შტატებში ვიზიტით“, – განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, გო ძიაკუნმა.
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერების მოლაპარაკებები სამხრეთ კორეის საპორტო ქალაქ პუსანში გაიმართა. ეს მათი პირველი პირისპირი მოლაპარაკებები იყო 2019 წლის შემდეგ. მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ დონალდ ტრამპმა ჩინეთიდან იმპორტზე დაწესებული ტარიფების შემცირების შესახებ განაცხადა. თავის მხრივ, ჩინეთი შეაჩერებს იშვიათ წიაღისეულის ექსპორტზე შეზღუდვებს.
„შეხვედრის დროს პრეზიდენტმა სი ძინპინმა ხაზი გაუსვა, რომ ორივე ქვეყნის სავაჭრო დელეგაციებმა გაცვალეს მოსაზრებები მნიშვნელოვან სავაჭრო და ეკონომიკურ საკითხებზე და მიაღწიეს კონსენსუსს მათ გადაჭრაზე. ორივე დელეგაციამ რაც შეიძლება მალე უნდა განსაზღვროს და დაასრულოს შემდგომი მუშაობა, დაიცვას და შეასრულოს მიღწეული კონსენსუსი“, – განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.