ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ჩინეთი მხარს უჭერს ყველა ძალისხმევას, რომელიც მიმართულია უკრაინის კრიზისის მშვიდობიანი მოგვარებისკენ
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ჩინეთი მხარს უჭერს ყველა ძალისხმევას, რომელიც მიმართულია უკრაინის კრიზისის მშვიდობიანი მოგვარებისკენ

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვანგ ი აცხადებს, რომ პეკინი მხარს უჭერს ყველა ძალისხმევას, რომელიც ხელს უწყობს უკრაინის კრიზისის მშვიდობიან მოგვარებას. „როიტერის“ ცნობით, აღნიშნულის შესახებ, ვანგ იმ გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩინეთი მხარს უჭერს ყველა ძალისხმევას, რომელიც მიმართულია უკრაინის კრიზისის მშვიდობიანი მოგვარებისკენ. ფუნდამენტური გამოსავალია მხედველობაში მივიღოთ ყველა მხარის უსაფრთხოების ლეგიტიმური ინტერესები და ავაშენოთ დაბალანსებული, ეფექტური და მდგრადი უსაფრთხოების არქიტექტურა. მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, თავი შეიკავონ კრიზისის გავრცელებისგან და დაიცვან განვითარებადი ქვეყნების ლეგიტიმური უფლებები და ინტერესები“, – განაცხადა ვანგ იმ.

როგორც „როიტერი“ წერს, რუსეთის მოკავშირე ჩინეთი მკაცრად აკრიტიკებს რუსეთის მიმართ დასავლეთის სანქციებს, თუმცა თავს იკავებს მოსკოვის მხარდაჭერისგან ან სამხედრო დახმარებისგან.

გარდა ამისა, ვანგ ი ტაივანის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ უნდა გაგრძელდეს ტაივანის ჩინეთთან მშვიდობიანი გზებით გაერთიანების პროცესი.