ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ჩინეთი და რუსეთი არიან მეგობრები სამუდამოდ, არასოდეს - მტრები
ჩინეთი და რუსეთი არიან მეგობრები სამუდამოდ, არასოდეს – მტრები, – ეს განცხადება ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვანგ იმ მოსკოვში ვიზიტის დროს გააკეთა.
„პრინციპი „მეგობრები სამუდამოდ, არასოდეს მტრები“ წარმოადგენს მყარ სამართლებრივ საფუძველს უფრო მაღალ დონეზე სტრატეგიული თანამშრომლობის გასაღრმავებლად“, – განაცხადა ვანგ იმ.
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმა ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობების ნორმალიზების ნიშნებს.
ამასთან, ვანგ ის თქმით, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ბოლოდროინდელმა მოლაპარაკებებმა უკვე მოიტანა გარკვეული შედეგები და ეს უნდა გაგრძელდეს, მიუხედავად განსხვავებული შეხედულებებისა და ბრძოლის ველზე არსებული რთული სიტუაციისა.
მისივე თქმით, სამშვიდობო შეთანხმება უნდა იყოს სავალდებულო და მისაღები ყველა მხარისთვის. ვანგ ის თქმით, პეკინი მზადაა, შეასრულოს როლი უკრაინაში კონფლიქტის მოგვარებაში.
„ჩვენ ვემხრობით კრიზისის მიზეზების აღმოფხვრას დიალოგისა და მოლაპარაკებების გზით, რათა საბოლოოდ მივაღწიოთ სამართლიან, გრძელვადიან, სავალდებულო სამშვიდობო შეთანხმებას, რომელიც მისაღები იქნება ყველა მხარისთვის“, – განაცხადა ვანგ იმ.
ვანგ ი მოსკოვში სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკებებისთვის სამდღიანი ვიზიტით იმყოფება. კრემლის განცხადებით, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი შეხვდებიან.