ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებების დასრულების მიზნით პაკისტანთან ვითანამშრომლებთ
ჩინეთი ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებების დასრულების მიზნით პაკისტანთან ითანამშრომლებს, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვანგ იმ განაცხადა.
მისი თქმით, ჩინეთი პაკისტანთან და შესაბამის მხარეებთან „მჭიდრო კომუნიკაციას“ შეინარჩუნებს და „საომარი მოქმედებების დასრულების ხელშეწყობაში კონსტრუქციულ როლს შეასრულებს“.
ამასთან, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვანგ იმ პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრს, იშაქ დარს განუცხადა, რომ ეს მარტივი ამოცანა არ იქნება და რომ ჩინეთი „მზად იქნება, ითანამშრომლოს პაკისტანთან“, რათა რაც შეიძლება მალე დასრულდეს „ომის ცეცხლი“ და „სამშვიდობო მოლაპარაკებების ფანჯარა გაიხსნას“.
ვანგ ის თქმით, პაკისტანის ძალისხმევა ყველა მხარის ინტერესებშია, მათ შორის კონფლიქტის გავრცელების თავიდან აცილების, დამატებითი მსხვერპლის თავიდან აცილების, საერთაშორისო ენერგეტიკული უსაფრთხოების სტაბილიზაციისა და მიწოდების ჯაჭვების დაცვის მიზნით.
ცნობისთვის, ჩინეთისა და პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა პეკინში შეხვედრა გამართეს. შეხვედრის შემდეგ კი ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დასამყარებლად ხუთპუნქტიანი გეგმა წარადგინეს და მედიის წარმომადგენლებს გააცნეს. როგორც მედია წერს, პეკინისა და ისლამაბადის გეგმა საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას, მოლაპარაკებების გამართვას, საზღვაო მარშრუტების გახსნასა და მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმის შეწყვეტას მოიცავს.