ჩინეთის საელჩო აშშ-ის მიერ პეკინის ზამთრის ოლიმპიადისთვის დიპლომატიური ბოიკოტის გამოცხადებას „პოლიტიკურ მანიპულაციად“ აფასებს
აშშ-ში ჩინეთის საელჩო ამერიკის შეერთებული შტატების მიერ პეკინის ზამთრის ოლიმპიადისთვის დიპლომატიური ბოიკოტის გამოცხადებას „პოლიტიკურ მანიპულაციად“ აფასებს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. ჩინეთის დიპლომატიური მისიის განცხადებით, ამერიკული პოლიტიკოსებისთვის ოლიმპიადაზე დასწრების მოსაწვევები არ გადაუციათ.
„სინამდვილეში, არავის ადარდებს, ჩამოვლენ ეს ადამიანები თუ არა და ეს არანაირად არ აისახება პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების წარმატებით ჩატარებაზე“, – განაცხადა საელჩოს პრესსპიკერმა, ლიუ პენიუიმ.
თავის მხრივ, გაერო-ში ჩინეთის მისიის განცხადებით, ოლიმპიადის ბოიკოტი აშშ-ის „ცივი ომის“ პერიოდის მენტალიტეტს აჩვენებს.
„აშშ-ს სურს სპორტის პოლიტიზება, უთანხმოებების გამოწვევა და კონფრონტაციის პროვოცირება“, – ნათქვამია ჩინეთის მისიის განცხადებაში.
აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ პეკინში დაგეგმილ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს დიპლომატიური ბოიკოტი გამოუცხადა, რაც ნიშნავს, რომ ოლიმპიადას არ დაესწრება აშშ-ის ოფიციალური დელეგაცია, თუმცა ამერიკელი სპორტსმენები თამაშებში მონაწილეობას მიიღებენ.
თეთრი სახლის წარმომადგენელი პეკინის ზამთრის ოლიმპიადის დიპლომატიური ბოიკოტის გადაწყვეტილებას ჩინეთში ადამიანის უფლებების დარღვევებით ხსნის. კერძოდ, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ჩინეთის ხელისუფლებას მასობრივი დაკავების ბანაკების შექმნაში და იუღურებისა და სხვა მუსლიმი უმცირესობების წარმომადგენლების იძულებითი სტერილიზაციის კამპანიის წარმოებაში სდებს ბრალს.