ჩინეთის პრეზიდენტმა და ესპანეთის მეფემ პეკინში გამართული შეხვედრისას რამდენიმე შეთანხმება გააფორმეს
ჩინეთის პრეზიდენტმა და ესპანეთის მეფემ პეკინში გამართული შეხვედრისას რამდენიმე შეთანხმება გააფორმეს

ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა და ესპანეთის მეფემ, ფილიპე მეექვსემ პეკინში გამართული შეხვედრის დროს რამდენიმე შეთანხმება გააფორმეს.

ეს ბოლო 18 წლის განმავლობაში ჩინეთში ესპანეთის მონარქის პირველი სახელმწიფო ვიზიტი იყო. როგორც შეხვედრისას სი ძინპინმა განაცხადა, ჩინეთს სურს, იმუშაოს ესპანეთთან ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოსაყალიბებლად. საპასუხოდ, ესპანეთის მეფემ აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის მყარი ურთიერთობები ერთმანეთის მიმართ ნდობაზეა დაფუძნებული.

სი ძინპინმა და ფილიპე მეექვსემ ხელი მოაწერეს ჩინური და ესპანური ენების სწავლების გაძლიერების ერთობლივ დეკლარაციას, ურთიერთგაგების მემორანდუმს ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომიტეტის შესახებ, წყლის პროდუქტების და ცხოველური პროტეინის ჩინეთში ექსპორტის ოქმებს, ასევე სურსათის უვნებლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს.

ესპანეთის მეფე ასევე გეგმავს პრემიერ-მინისტრ ლი ციანთან შეხვედრას. ხვალ კი ფილიპე მეექვსე შეხვდება ესპანეთისა და ჩინეთის ბიზნესწრეების წარმომადგენლებს, ასევე ეწვევა ავტონაწილების ესპანური მწარმოებელი კომპანიის, Gestamp-ის ქარხანას.