ჩინეთის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით ტიბეტის რეგიონს ესტუმრა
ჩინეთის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით ტიბეტის რეგიონს ესტუმრა

ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი პრეზიდენტის რანგში პირველად, პოლიტიკურად პრობლემურ ტიბეტის რეგიონს ესტუმრა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ჩინურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ბიბისი“ წერს, რომ ეს არის ჩინეთის პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტი ავტონომიურ რეგიონში. სი ძინპინი ტიბეტში 21-23 ივლისს იმყოფებოდა, თუმცა ჩინეთის სახელმწიფო მედიამ მოგზაურობის სპეციფიკურობის გამო ინფორმაცია მხოლოდ დღეს გაავრცელა.

დასავლური მედია წერს, რომ ჩინეთს ძირითადად ბუდისტური რეგიონის კულტურულ და რელიგიურ ზეწოლაში ადანაშაულებენ. ურბანული განვითარების გასაცნობად სი ძინპინი ქალაქ ნინგჩიში, შემდეგ კი დედაქალაქ ლჰასაში ჩავიდა. ჩინეთის პრეზიდენტმა მოინახულა პოტალას სასახლე – ტიბეტის გადასახლებული სულიერი ლიდერის, დალაი ლამას ტრადიციული სახლი.

სი ძინპინი ტიბეტში ბოლოს ვიცე-პრეზიდენტის რანგში, 2011 წელს იმყოფებოდა. სი ძინპინამდე ჩინეთის ბოლო ლიდერი, რომელიც ტიბეტში 1990 წელს ჩავიდა, ძიან ზემინი იყო.

ტიბეტზე სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის, ჩინეთმა 1950 წელს რეგიონში ათასობით ჯარისკაცი გაგზავნა. ზოგი ნაწილი ტიბეტის ავტონომიური რეგიონი გახდა, ნაწილი კი ჩინეთის მომიჯნავე რეგიონებს შეუერთდა. მიუხედავად იმისა, რომ დალაი ლამა 1959 წლიდან გადასახლებაშია და ამჟამად ინდოეთში იმყოფება, პეკინი მას კვლავ სახიფათო სეპარატისტ ლიდერად განიხილავს.