ჩინეთის ელჩი - საქართველოს მთავრობა დღეს აქცენტს აკეთებს, რომ ქვეყნის გაერთიანება და ტერიტორიული პრობლემის მოგვარება უნდა მოხდეს მშვიდობიანი გზით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის სწორი მიმართულება
ჩინეთის ელჩი - საქართველოს მთავრობა დღეს აქცენტს აკეთებს, რომ ქვეყნის გაერთიანება და ტერიტორიული პრობლემის მოგვარება უნდა მოხდეს მშვიდობიანი გზით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის სწორი მიმართულება

ჩვენ პატივს ვცემთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ჩინეთის ელჩმა, ჭოუ ციენმა განუცხადა.

კითხვაზე, ირანსა და საუდის არაბეთს შორის შუამავლობის მსგავსად, რამდენად შეუძლია ჩინეთს, ჩაერთოს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებით არსებული საკითხის გადაჭრაში, ჩინეთის ელჩმა აღნიშნა, რომ მსგავსი თხოვნით საქართველოს ან რუსეთს ჩინეთისთვის არ მიუმართავთ.

მისი თქმით, ჩინეთი ყოველთვის მშვიდობის მხარეს დგას.

„იმ 12-პუნქტიან დოკუმენტში, რომელზეც ვისაუბრეთ უკრაინის კრიზისის გადაწყვეტასთან დაკავშირებით, პირველი პუნქტი ეხება ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემას. საქართველოსთან მიმართებით ჩვენ ყოველთვის ვიცავთ ამ პრინციპს. ჩვენ პატივს ვცემთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩინეთს კარგი ურთიერთობა აქვს როგორც რუსეთთან, ისე საქართველოსთან და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მშვიდობიანად გადაწყდება ეს საკითხი. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე არც ქართული მხარისგან და არც რუსული მხარისგან არ მიგვიღია რამე თხოვნა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩინეთმა იშუამდგომლოს ამ საკითხის მოგვარებაში. ჩვენ, როგორც საქართველოსა და რუსეთის კარგი პარტნიორები, იმედს ვიტოვებთ, რომ ეს საკითხი მშვიდობის გზით მოგვარდება. საქართველოს მთავრობა დღეს აქცენტს აკეთებს, რომ ქვეყნის გაერთიანება და ტერიტორიული პრობლემის მოგვარება უნდა მოხდეს მშვიდობიანი გზით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის სწორი მიმართულება და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ სწორედ მშვიდობის გზით გადაწყდება ეს საკითხი“, – განაცხადა ჩინეთის ელჩმა.