ჩინეთის საფეხბურთო ჩემპიონატის სტარტი გაურკვეველი ვადით გადაიდო. მიზეზი ქვეყანაში გავრცელებული კორონავირუსის ეპიდემიაა.
სუპერლიგის ახალი სეზონის სტარტი 22 თებერვლისთვის იყო ჩანიშნული, მაგრამ ქვეყნის საფეხბურთო ასოციაციამ გადადო პირველობის დაწყება. ეს გადაწყვეტილება ეხება ჩინეთის ყველა საფეხბურთო ლიგას, – იტყობინება ფრანგული გამოცემა „ეკიპი“.
ჩინეთში უნდა გამართულიყო მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი მალდივების წინააღმდეგ – ამ თამაშის ბედი ჯერ გაურკვეველია. რაც შეეხება აზიის ჩემპიონთა ლიგის მატჩებს ჩინეთის ტერიტორიაზე, მათ სხვა ქვეყნებში გადაიტანენ გუნდებისა და გულშემატკივრების უსაფრთხოებიდან გამომდინარე.