ჩინეთიდან აშშ-ში დაბრუნებული მოქალაქეები საკარანტინო პერიოდს სამხედრო ბაზებზე გაატარებენ
პენტაგონი მზადაა, მოქალაქეების კარანტინისთვის სამხედრო ობიექტებზე განლაგებული შენობები გამოყოს. ამის შესახებ განცხადება პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯონათან ჰოფმანმა „ტვიტერის“ გვერდზე გააკეთა.
„თავდაცვის მდივანმა მარკ ესპერმა დააკმაყოფილა ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნა. პენტაგონი მზადაა, გამოყოს შენობები 1000 ადამიანისთვის, რომლებსაც შესაძლოა, კარანტინში მოთავსება დასჭირდეთ ახალი კორონავირუსის გამო“, – ნათქვამია მის განცხადებაში.
ჰოფმანის თქმით, მოქალაქეების კარანტინში მოსათავსებლად გამოყოფილია შენობები კოლორადოში, ტეხასსა და კალიფორნიაში მდებარე სამხედრო ობიექტებზე.
მანამდე აშშ-ის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ ჩინეთში, აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლას აუკრძალავენ. ხოლო ხუბეის პროვინციიდან სამშობლოში დაბრუნებულ აშშ-ის მოქალაქეებს 14 დღით კარანტინში მოათავსებენ.