ჩინეთი მზაობას გამოთქვამს, „კოვიდ-19“-ის ვაქცინის წარმოებისა და დისტრიბუციის პროცესში სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობა გააღრმავოს
ჩინეთი მზაობას გამოთქვამს, „კოვიდ-19“-ის ვაქცინის წარმოებისა და დისტრიბუციის პროცესში სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობა გააღრმავოს

ჩინეთი მზად არის, „კოვიდ-19“-ის ვაქცინის შექმნის, წარმოების და დისტრიბუციის პროცესებში სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობა გააღრმავოს. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა სი ძინპინმა დიდი ოცეულის ვირტუალურ სამიტზე განაცხადა.

ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

„ჩვენ შევასრულებთ ჩვენს მოვალეობებს, შევთავაზებთ დახმარებას და მხარდაჭერას სხვა, განვითარებად ქვეყნებს და ვიმუშავებთ, რომ ვაქცინა ყველა ქვეყნის მოქალაქისთვის იყოს ხელმისაწვდომი“, – განაცხადა სი ძინპინმა.

„როიტერი“ წერს, რომ ჩინეთში ამჟამად „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ხუთ სხვადასხვა ვარიანტზე მუშაობენ.

ჩინეთის პრეზიდენტი სამიტზე ახალი მექანიზმის შექმნის იდეით გამოვიდა, რომლის მეშვეობითაც, მოგზაურების კორონავირუსის ტესტის პასუხები ყველა ქვეყნისთვის მისაღები იქნება.