ჩინეთი ერთობლივი სამხედრო წვრთნებისთვის რუსეთში სამხედროებს გაგზავნის
ჩინეთი ერთობლივი სამხედრო წვრთნებისთვის რუსეთში სამხედროებს გაგზავნის

ჩინეთი სამხედროებს გაგზავნის რუსეთში ერთობლივ სამხედრო წვრთნაში მონაწილეობისთვის. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ამის შესახებ ჩინეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს.

რუსული მხარის ცნობით, სამხედრო სწავლება „ვოსტოკი“ 30 აგვისტოს და იწყება და 5 სექტემბრამდე გაგრძელდება. წვრთნაში მონაწილეობას მიიღებენ ასევე ბელარუსი, ინდოეთი, მონღოლეთი, ტაჯიკეთი.

ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სამხედრო წვრთნაში მისი მონაწილეობა რუსეთთან ორმხრივი ყოველწლიური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ნაწილია. უწყებაში აღნიშნავენ, რომ ერთობლივი სწავლება მიმდინარე საერთაშორისო და რეგიონულ სიტუაციას არ უკავშირდება.

„მიზანია წვრთნაში მონაწილე ქვეყნების არმიებს შორის პრაქტიკული და მეგობრული თანამშრომლობის გაღრმავება, მონაწილე მხარეებს შორის სტრატეგიული კოლაბორაციის დონის ამაღლება და უსაფრთხოების სხვადასხვა გამოწვევებზე რეაგირების უნარის გაძლიერება“, – ნათქვამია ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

გასული წლის აგვისტოში რუსეთისა და ჩინეთის ერთობლივი წვრთნა ჩინეთის ტერიტორიაზე 10 ათასი ჯარისკაცის მონაწილეობით ჩატარდა. ოქტომბერში კი რუსეთმა და ჩინეთმა იაპონიის ზღვაში ერთობლივი საზღვაო სწავლება გამართეს.