ჩინეთი ბიტკოინის წარმოების აკრძალვას აპირებს
ჩინეთი ბიტკოინის წარმოების აკრძალვას აპირებს

ჩინეთი, რომელიც ვირტუალური ვალუტის ე.წ. კრიპტოვალუტების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია მსოფლიოში, კრიტპოვალუტის წარმოების აკრძალვას აპირებს.

ეროვნული განვითარებისა და რეფორმის კომისიამ ყველაზე პოპულარული ვირტუალური ვალუტის ბიტკოინის წარმოება უკვე დაამატა იმ ინდუსტრიების სიას, რომელთა აკრძალვასაც პეკინი გეგმავს.

ეროვნული განვითარებისა და რეფორმის კომისიამ 2011 წელს შეიმუშავა ისეთი ინდუსტრიების სია, რომელთა წახალისებას, შეზღუდვას ან აკრძალვასაც სახელმწიფო აპირებს. ორშაბათს კომისიამ გამოაქვეყნა სიის შესწორებული ვარიანტი, სადაც 450 ასაკრძალ ინდუსტრიას შორის კრიტპოვალუტების, მათ შორის ბიტკოინის წარმოებაც მოხვდა. ე.წ. შავ სიაში მოხვედრილი ინდუსტრიები იკრძალება რამდენიმე კრიტერიუმის გამო, რომელთა შორისაც სახელდება მარეგულირებელი ნორმებთან შეუთავსებლობა, უსაფრთხოების მაღალი რისკები, რესურსების უყაირათოდ ხარჯვა ან გარემოს დაბინძურება.

შესწორებული სია საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მიზნით გამოქვეყნდა და კომენტარის გაკეთება 7 მაისამდეა შესაძლებელი. დოკუმენტი არ აკონკრეტებს, თუ როგორ მოხდება კრიპტოვალუტის წარმოების შეჩერება, რაც ანალიტიკოსების აზრით, იმას ნიშნავს, რომ აკრძალვას მყისიერი სახე ექნება.

დღეის მდგომარეობით, ჩინეთი კრიპტოვალუტის საწარმოებელი დანადგარების გასაღების უმსხვილეს ბაზრად მიიჩნევა, თუმცა 2017 წლის შემდეგ კრიპტოვალუტის სექტორი ჩინეთში უმკაცრესი ზედამხედველობის ქვეშ მოექცა და მარეგულირებელმა კრიპტოვალუტის სავაჭრო პლატფორმები დახურეს. მალე პეკინმა შეზღუდვები კრიპტოვალუტის წარმოებაზეც გაავრცელა და ამ საქმიანობით დაკავებული კომპანიები, მათ შორის მსოფლიოს უმსხვილესი მწარმოებლებიც, იძულებული გახდნენ, ჩინეთი დაეტოვებინათ.

გასულ კვირაში ყველაზე პოპულარული ვირტუალური ვალუტის, ბიტკოინის ფასმა 20 პროცენტით მოიმატა და ერთი ბიტკოინის ღირებულებამ 5 ათას დოლარს გადააჭარბა. ასეთი მკვეთრი ზრდა პირველად მოხდა 2017 წლის ნოემბრის შემდეგ, როდესაც ბიტკოინის ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია.