ჩინეთი აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ეროვნული თავდაცვის 2019 წლის ბიუჯეტის ხელმოწერით უკმაყოფილოა
ჩინეთი აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ეროვნული თავდაცვის 2019 წლის ბიუჯეტის ხელმოწერით უკმაყოფილოა

ჩინეთი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ ერონული თავდაცვის 2019 წლის ბიუჯეტის ხელმოწერით უკმაყოფილოა. ამის შესახებ განცხადება ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა, სადაც აზიური სახელმწიფოს უმაღლესი დიპლომატიური უწყება იმ დეტალებზე ამახვილებს ყურადღებას, სადაც ჩინეთი ნეგატიურად არის მოხსენიებული.

„ჩინეთის მხარემ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია არაერთხელ გამოხატა. ჩვენ უკმაყოფილებას გამოვთქვამთ, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩვენს პროტესტს ყურადღება არ მიაქცია და მიიღო ქვეყნის ეროვნული თავდაცვის 2019 წლის ბიუჯეტი. დოკუმენტი, რომელშიც ჩინეთი ნეგატიურად არის მოხსენიებული,“ – აღნიშნულია ჩინეთის საგარეო უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

დონალდ ტრამპმა 13 აგვისტოს ხელი მოაწერა ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტს. 716-მილიარდიანი ბიუჯეტი, გასული წლის თავდაცვის ბიუჯეტთან შედარებით, სამი პროცენტით არის გაზრდილი.

როგორც უკვე ცნობილია, აღნიშნულ დოკუმენტში საქართველოზეც არის საუბარი. აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშირედ და პარტნიორად არის მიჩნეული.