ჩიკაგოში, დეპოლის უნივერსიტეტში ერთმანეთის პარალელურად ისრაელისა და პალესტინელების მხარდასაჭერი აქციები გაიმართა
ჩიკაგოში, დეპოლის უნივერსიტეტის სტუდენტებმა ერთდროულად ისრაელისა და პალესტინელების მხარდასაჭერი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი აქციები გამართეს.
დეპოლის უნივერსიტეტში პალესტინის მხადამჭერებს, უკვე მეექვსე დღეა, კარვები აქვთ გაშლილი. მედიის ცნობით, დაძაბულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც უნივერსიტეტში დემონსტრაცია ისრაელის მხარდამჭერებმა გამართეს.
პოლიციის განცხადებით, აქციის მონაწილეები ერთმანეთის მიმართ აგრესიით გამოირჩეოდნენ. დაშავებულების ან დაკავებულის შესახებ ამ დროისთვის ინფორმაცია არ ვცელდება.
ბოლო რამდენიმე დღეა, აშშ-ის უნივერსიტეტების კამპუსებში პალესტინელების მხარდამჭერმა საპროტესტო გამოსვლებმა განსაკუთრებულად მასშტაბური სახე მას შემდეგ მიიღო, რაც გასულ კვირას კოლუმბიის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე პოლიციამ 100-ზე მეტი ადამიანი დააკავა.
დემონსტრანტების მოთხოვნებს შორისაა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტა, ისრაელისთვის აშშ-ის სამხედრო დახმარების შეწყვეტა, ასევე, უნივერსიტეტების მხრიდან იმ კომპანიებთან თანამშრომლობაზე უარის თქმა, რომლებიც ისრაელის არმიასთან არიან დაკავშირებულები. ამას გარდა, დემონსტრანტები საპროტესტო გამოსვლების დროს დაკავებული ან გათავისუფლებული სტუდენტებისა და უნივერსიტეტების თანამშრომლებისთვის ამნისტიას ითხოვენ.
მედიის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ათობით კამპუსში გამართული საპროტესტო აქციების დროს პოლიციამ 2000-ზე მეტი ადამიანი დააკავა.