ჩიკაგოს შემდეგ მინესოტაში - მამუკელაშვილს NBA-ის გუნდები დააკვირდებიან #1TVSPORT
NBA-ის 2021 წლის დრაფტამდე, რომელიც 29 ივლისს გაიმართება, უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება, გუნდები კი აქტიურად აკვირდებიან ახალგაზრდა კალათბურთელებს, რომელთა შორისაც 22 წლის სანდრო მამუკელაშვილია.
ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ ქართველი კალათბურთელი Minnesota Group Workout-ში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 8-დან 11 ივლისამდე მინესოტაში გაიმართება.
ESPN-ის დრაფტის ანალიტიკოსის ჯონათან ჯივონის ცნობით, ამ ეტაპზე 39 მოთამაშე დათანხმდა ვარჯიშში მონაწილეობის მიღებას, რომელთა შორის მამუკელაშვილიცაა. შესაბამისად, სანდროს კიდევ ერთხელ მიეცემა შესაძლებლობა, რომ თავი ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის გუნდებს მოაწონოს.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ჯონათან ჯივონმა სანდროს ვარჯიშის ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც მას ახალგაზრდა კალათბურთელი საკმაოდ კარგად ჰყავს დახასიათებული.
„სეტონ ჰოლის“ მოთამაშემ უკვე არაერთი გუნდის ყურადღება მიიქცია და იმედია, მას შემდეგი სეზონიდან კალათბურთის უმაღლეს ლიგაში ვიხილავთ.