ჭიდაობა | საქართველოს ნაკრებმა მინსკის საერთაშორისო ტურნირზე რვა მედალი მოიპოვა  #1TVSPORT
ჭიდაობა | საქართველოს ნაკრებმა მინსკის საერთაშორისო ტურნირზე რვა მედალი მოიპოვა  #1TVSPORT

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მინსკში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე, ალექსანდრ მედვედის გრან პრიზე 8 მედლის მოპოვება შეძლო.

1 ოქრო, 2 ვერცხლი და 5 ბრინჯაო – ასეთია გიორგი იანტბელიძის გუნდის მონაგარი.

ტურნირის ჩემპიონი გახდა ზურაბ იაკობიშვილი, რომელმაც 70 კგ წონით კატეგორიაში ყველა მეტოქეს აჯობა. ფინალში იაკობიშვილმა რუსეთის ნაკრების წევრი რუსლან ჟენდაევი ანგარიშით 7:2 დაამარცხა.

დღესვე, ფინალში იჭიდავეს ნიკა კენჭაძემ (79 კგ) და ირაკლი მწითურმა (92 კგ), მაგრამ ორივე ვერცხლის მედალს დასჯერდა. კენჭაძემ გადამწყვეტ ბრძოლაში თავისთვის სასურველი ფრით (3:3) აჯობა რუსეთის ნაკრების წარმომადგენელ ამანულა გაჯიმაგომედოვს, მაგრამ საჭიდაო დროის ამოწურვის შემდეგ, მსაჯებმა საჯარიმო ქულით დასაჯეს და გამარჯვება მის მეტოქეს მიანიჭეს.

ირაკლი მწითურმა ბელარუსის სახელით მოჭიდავე ამარგაჯი მაგამედოვთან ფინალური შეხვედრა ფრედ – 2:2 დაასრულა და ეს შედეგი გასაჩემპიონებლად საკმარისი არ აღმოჩნდა.

გოგა ძიგუა (57 კგ), გიორგი ელბაქიძე (70 კგ), დიმიტრი ჯიოევი (74 კგ), ზურიკო ურთაშვილი (97 კგ) და სოლომონ მანაშვილი (125 კგ) ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.

გიორგი გეგელაშვილს (57 კგ), ოთარ გოგავას (61 კგ), ბექა ლომთაძეს (65 კგ), გოგა მამიაურსა (79 კგ) და ტარზან მაისურაძეს (86 კგ) საპრიზო სამეულამდე თითო გამარჯვება დააკლდათ.

ბექა ლომთაძის უმედლოდ დარჩენის მიზეზი ტრავმაა, რომელიც მან ნახევარფინალში მიიღო. მსოფლიოს ქართველი ჩემპიონი ამჯერად ჩვეულზე ერთი წონითი კატეგორიით მაღლა – 65 კილოგრამში, ნახევარფინალში სოლიდური უპირატესობით უგებდა რუს მეტოქეს, როდესაც ნეკნი იტკინა და იმის გამო, რომ მსოფლიოს ჩემპიონატამდე ერთ თვეზე ნაკლები რჩება, ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა ლომთაძის მეტად დატვირთვა აღარ გარისკა. ასევე ნეკნის ტრავმის გამო შეწყვიტა რეპეშაჟის ფინალში ბრძოლა ტარზან მაისურაძემ.

მინსკის გრან პრიზე საქართველოს ნაკრები გენო პეტრიაშვილის, ავთანდილ კენჭაძისა და ელიზბარ ოდიკაძის გარეშე გამოვიდა.

მინსკიდან დაბრუნების შემდეგ, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადებას საწვრთნელი შეკრებით გააგრძელებს. გიორგი იანტბელიძე კი დასკვნით შეკრებაზე გამოაცხადებს მსოფლიოს პირველობაზე დასაყენებელ შემადგენლობას.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი ოქტომბრის დასაწყისში, ოსლოში გაიმართება.