ჭიათურაში მაღაროელთა პროტესტი გრძელდება [ფოტო]

ჭიათურაში შიმშილობის მერვე დღეა. ქალაქის ცენტრში გაშლილი კარვებში 15 ადამიანი შიმშილობს. უწყვეტად იმართება აქცია, კომპანიის თანამშრომლები და მათ მხარდამჭერები მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე დაშლას არ აპირებენ.

დღეს გაფიცულმა მაღაროელებმა და მათმა მხარდამჭერებმა ჭიათურაში მსვლელობა მოაწყვეს. მათი მოთხოვნები არის ხელფასის 30%-იანი დაუყოვნებლივი გაზრდა, სამუშაო პირობების, კვებისა და დაზღვევის მოწესრიგება, ეკოლოგიის დაცვა, რომ ქალაქში აღარ გადაადგილდებოდნენ სატვირთო მანქანები, რომელსაც მარგანეცი გადააქვს. დღეს შეუერთდნენ რკინიგზის პროფკავშირების წარმომადგენლები და გარემოვაჭრეები.

ამასთან, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზში“ აცხადებენ, რომ მოთხოვნების ნაწილი უკვე დაკმაყოფილებულია მაგალითად კვების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით.

მათ თქმით, უკვე მიდის მუშაობა, რომ უახლოესი დღეებიდან ქალაქში სატვირთოები აღარ იმოძრავებს და ტვირთს მხოლოდ რკინიგზით გადაიტანენ. როგორც  კომპანიის სპეციალური მმართველი ნიკა ჩიქოვანი ამბობს, კომპანია მზად არის, მაღაროელებს ხელფასი 25%-ით ეტაპობრივად მოუმატოს. მისივე თქმით, ამ საკითხზე შეხვედრის გამართვა და მოლაპარაკებაა საჭირო.

დღეს აქციის მონაწილეებს ჭიათურის ახლად არჩეული მერი გივი მოდებაძე კიდევ ერთხელ შეხვდა. მისი თქმით, მოლაპარაკებებში ადგილობრივი თვითმმართველობებიც არის ჩართული.