ჭიაბრიშვილმა „საბურთალოდან“ წასვლის მიზეზებზე ილაპარაკა - ნაკრებს შედეგი თუ ექნება, ფეხბურთს კი არა, ერს ეშველება
ჭიაბრიშვილმა „საბურთალოდან“ წასვლის მიზეზებზე ილაპარაკა - ნაკრებს შედეგი თუ ექნება, ფეხბურთს კი არა, ერს ეშველება

გიორგი ჭიაბრიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმ აუტში“ სტუმრობისას „საბურთალოდან“ წასვლის მიზეზებზე ილაპარაკა და არ დამალა, რომ გადაწყვეტილება გორში გამართული საქართველოს თასის ფინალამდე (სადაც მისმა გუნდმა „ლოკომოტივი“ 3:1 დაამარცხა) ბევრად ადრე მიიღო.

„რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება ერთ დღეში არ მიმიღია. ის ჯერ კიდევ ევროპის ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ მივიღე. მაშინ გადავწყვიტე, რომ აქ არ ვიმუშავებდი. უბრალოდ, არ მინდოდა, გუნდი შუა გზაზე მიმეტოვებინა. გუნდის მესვეურებთანაც შეთანხმებული მქონდა, რაც უნდა მომხდარიყო, გადაწყვეტილებას არ შევცვლიდი. ამიტომ გამიხარდა, რაც ფინალში ვნახე – გუნდი ასეთი დამუხტული რომ ვნახე და რომ ბიჭებმა ეს თამაში მე მომიძღვნეს. ანთებულები იყვნენ და ყველა გოლი ჩემთან ერთად იზეიმეს“ – ამბობს გიორგი ჭიაბრიშვილი.

რატომ ვერ მოხვდა „საბურთალო“ ევროპის ლიგის პლეი ოფში? გუნდის აწ უკვე ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ამაზეც ილაპარაკა:

„პოპულისტურ განცხადებას არ გავაკეთებ, მაგრამ ევროსარბიელზე ჩემი გუნდის გამოსვლას დადებითად შევაფასებ. გადავხედოთ, პირველ ევროსეზონში ვინ როგორ გამოვიდა. ჩვენ სავსე ტრიბუნებისა და სტვენის ქვეშ არ გვითამაშია და მოვუგეთ ისეთ გუნდს, როგორიცაა „შერიფი“, რომელსაც აქამდე ვერ ვუგებდით. მერე ყველამ რაღაც დავაკელით. ყველა თამაში ფუნციონალურად და ემოციურად უარესი იყო. ჩემპიონატია ასეთი, სანამ ყველა არ მოუმატებს, სხვა სისწრაფეებზე არ ითამაშებს, მანამდე ძნელია გულშემატკივრების იმედების გამართლება. მესმის, რომ ხალხს ყოველ წელს გუნდები გულს სტკენენ, მაგრამ ასეთი რეალობაა. ზაგრების „დინამოსთან“ მატჩი ერთი საათი ჩვენი უპირატესობით მიმდინარეობდა, მაგრამ მერე წავაგეთ და ჩვენი მინუსები გამოჩნდა. მაგრამ, თუ ამ ბარიერის გადალახვა ვერ შევძელით, ფეხბურთელებს ტალახს ნუ ესვრიან და რაღაცებს ნუ აბრალებენ. რომ არა ეს სტრესი, დარწმუნებული ვარ, ჩემპიონები გავხდებოდით. ბევრი იმასაც ამბობდა, რომ თამაში გავყიდეთ. მე ვფიქრობ, თუ ადამიანს თავად არ აქვს სულში ასეთი რამე, არც სხვას დააბრალებს. თუ გავყიდე, რა ვიყიდე? ერვოსარბიელზე თამაშები „ზესტაფონშიც“ წამიგია, მაგრამ ასეთი სტრესი არასოდეს მიმიღია. სხვათა შორის, წასვლის გადაწყვეტილება რომ მივიღე, გავლენა ამანაც იქონია“.

ჭიაბრიშვილის თქმით, ჯერ კონკრეტული შემოთავაზებები არ აქვს და უარყო ხმები, თითქოს ბათუმის „დინამოში“ გია გეგუჩაძის ასისტენტად იმუშავებს: „ილუზია არ მაქვს, რომ „საბურთალოში“ მუშაობას მოვრჩი და დამესევიან. ჩემი პრინციპია, სანამ ერთგან ვმუშაობ, სხვა გუნდს არ დაველაპარაკები. რაც შეეხება ბათუმის „დინამოში“ გეგუჩაძესთან ტანდემზე გავრცელებულ ხმებს – ეს ტანდემი მაშინ იყო, როდესაც კარიერას ვიწყებდი და ეს მე უფრო მჭრდებოდა. ბათუმის „დინამოს“ საქართველოში ყველაზე კარგი მწვრთნელი ჰყავს და ახლა მას ჩემი დახმარება არ სჭირდება“.

გიორგი ჭიაბრიშვილმა კომენტარი ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების შანსებზეც გააკეთა:

„სამწუხაროდ, ჩვენი ფეხბურთელები მაღალი დონის კლუბებში არ თამაშობენ და ეროვნულ ლიგასა და სანაკრებო დონეს შორისაც დიდი სხვაობაა. ჯერ ჩემპიონატი უნდა გამოსწორდეს და ფეხბურთელები დაბალი ლიგის ჩემპიონატებში არ უნდა მიდიოდნენ. მაგრამ ნაკრებს შედეგი თუ იქნება, ფეხბურთს კი არა, ერს ეშველება და დიდი იმედი ამქვს, რომ ერთა ლიგიდან ევროპის ჩემპიონატზე გავალთ“.