ჩესლინ კოლბი სარაგბო სამყაროს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი გახდა #1TVSPORT
ჩესლინ კოლბი სარაგბო სამყაროს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი გახდა #1TVSPORT

მაშინ, როცა სპორტული პრესა კრიშტიანო რონალდოს ტრანსფერს განიხილავს, რაგბში არანაკლები ტრანსფერი შედგა. სარაგბო სამყაროს ახალი, ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი ჰყავს. ქურციკების უკანახაზელი ჩესლინ კოლბი „ტულუზადან“ „ტულონში“ სარეკორდო თანხად გადავიდა.

კოლბის ტრანსფერი „ტულონს“ 2,8 მილიონი დოლარი დაუჯდა და სამხრეთაფრიკელი გარემარბი წელიწადში 1,6 მილიონ დოლარს მიიღებს.

„ეს ჩემს კარიერაში ახალი ეტაპია, რომელსაც დიდი შემართებითა და პასუხისმგებლობით ვხვდები. მოუთმენლად ველოდები ახალ სეზონს, რომ გუნდს ტიტულების მოგებაში დავეხმარო და განვაგრძო ისტორია, რაც ამ დიდებულ კლუბს აქვს“, – განაცხადა კოლბიმ გამოსამშვიდობებელ წერილში.

170 სანტიმეტრი სიმაღლის ვარსკვლავი 2013-დან 2017 წლამდე სამხრეთაფრიკული „სთორმერზის“ ღირსებას იცავდა, 2017 წელს ტოპ-14-ის „ტულუზას“ შეუერთდა, 2020-21 წლების სეზონის დასრულების შემდეგ ახალ სეზონს „ტულონში“ განაგრძობს.

„ქურციკების“ მიერ 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაში უდიდესი წვლილი სწორედ ჩესლინ კოლბის მიუძღვის. გარდა იტალიასთან გატანილი 2 ლელოსი, მან ფინალში ინგლისსაც გაუტანა გარდამტეხი ლელო.

„ტულუზასთან“ ერთად 2019 წელს ტოპ-14 მოიგო, ბოლო სეზონში კი ტოპ-14-ს „ჩემპიონთა თასიც“ დაამატა.

2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ კოლბი წლის საუკეთესო მოთამაშის ნომინაციაზე იყო წარდგენილი.