ჩემპიონთა თასის პირველი ტური - სასაუბრო თემები
ჩემპიონთა თასის პირველი ტური - სასაუბრო თემები

პირველი ჯგუფი – „ბასი“ ბარნსის შეცდომების გამო დაისაჯა

ჩემპიონთა თასის პირველი ტურის პირველი მატჩის დასრულებისთანავე, კვირის მთავარ სასაუბრო თემად, ირლანდიური „ლენსტერის“ მიერ ინგლისური „ვოსფსის“ განადგურება (52:3) იქცა. მაგრამ შემდეგ ფრედი ბარნსი გამოჩნდა და მაყურებელს სხვა ყველაფერი დაავიწყა. როდესაც მისი გუნდი მხოლოდ ორ ქულას აგებდა, ბარნსმა ზუსტად კარის წინ დანიშნული საჯარიმო გაარტყა ძელს. შემდეგ კი თითქოს საკუთარი შეცდომა გამოასწორა, ხაზი გაჭრა და ლელოს ზუსტად ძელებს შორის ამიწებდა, როდესაც ზედმეტად გაერთო, კამერას გაუღიმა, გამარჯვება იზეიმა. ნაადრევი სიხარულის ჟამს მას უკნიდან ვეტერანი მაქსიმ მედარდი წამოეპარა და ბურთი ხელიდან გააგდებინა. საბოლოო ჯამში ტულუზამ ორ ქულიანი სხვაობით, 22:20 იმარჯვა.

ჯგუფის მეორე შეხვედრაში, როგორც უკვე ვთქვით, „ლენსტერმა“ „ვოსფსი“ გაანადგურა.

ფრედი ბარნსი ლელოს დამიწებამდე ზეიმობს

მეორე ჯგუფი – დაამარცხებს სიპრიანი „მანსტერს“?

პირველი ტურის გამაოგნებელ შედეგებს შორის ყველაზე საკვირველი მაინც ექსეტერ „ჩიფსსა“ და „მანსტერს“ შორის დაფიქსირებული ფრე იყო. თამაშის მიმდინარეობისას ირლანდიელები ინგლისელებივით თამაშობდნენ, ხოლო „ჩიფსი“ კი არც თუ ისე კარგ ფორმაში მყოფ „მანსტერს“ ჰგავდა. მომდევნო კვირაში „თომონდ პარკს“ „გლოსტერი“ ეწვევა და ირლანდიელების დამარცხებას უკვე დენი სიპრიანის დაგეზილი გუნდი შეეცდება.

„ჩიფსი“ 10:10 „მანსტერი“; „გლოსტერი“ 19:13 „კასტრი“

მესამე ჯგუფი – სარასენსი ფორმაშია!

შაბათ-კვირამ „პრო 14“-ის გუნდებისთვის კარგად ჩაიარა. მესამე ჯგუფში მოთამაშე „კარდიფი“ საფრანგეთში „ლიონს“ ესტუმრა და მეტოქე დაამარცხა. „გლასგო“, მართალია მთლად „ლენსტერის“ ხარისხის თამაშს ვერ აჩვენებს, მაგრამ ისინიც „პრო 14“-ის ერთერთი ლიდერები არიან. ამ შემთხვევაში კი შოტლანდიელები „სარასენსის“ მიერ აშენებულ აგურის კედელს დაეჯახნენ და მეტოქის დაცვას ვერაფერი მოუხერხეს. ამბობენ, რომ ინგლისის „პრემიერშიფში“ კლუბები ორი სხვადასხვა სიჩქარით თამაშობენ. სინამდვილეში სათამაშო სიჩქარე სამია – სხვები, „ექსეტერი“ და „სარასენსი“.

„გლასგო“ 3:13 „სარასენსი“; „ლიონი“ 21:30 „კარდიფი“

მეოთხე ჯგუფი – „რასინგის“ გამძლეობა შთამბეჭდავია

„ალსტერი“ „პრო 14“-ში არც თუ ისე კარგად გამოიყურება, მაგრამ ამას „ჩემპიონთა თასზე“ გამართულ მატჩზე დიდი ზეგავლენა არ ჰქონია. „თაიგერსმა“ მეორე ტაიმში პრაქტიკულად კაპიტულაცია გამოაცხადა, რაც მათი მხრიდან წლევანდელ სეზონში ნაცნობი პრაქტიკაა. ინგლისის ნაკრების ცხრა ნომერი და მგეზავი კარგად თამაშობენ, მაგრამ „ალსტერის“ დამარცხებას მხოლოდ ორი მორაგბის გარჯა არ ეყო.

შესანშნავ ფორმაშია პარიზული „რასინგი“, რომელმაც სტუმრად უელსური „სკარლეტსი“ დაამარცხა. პირველი ტურის შემდეგ სწორედ ფრანგული კლუბია იმის მთავარი კანდიდატი, რომ მეოთხე ჯგუფში პირველ ადგილს დაიკავებს.

„სკარლეტსი“ 13:14 „რასინგი“; „ალსტერი“ 24:10 „ლესტერი“

ჯორჯ ფორდი „ლესტერის“ შემადგენლობაში ერთერთი ნათელი წერტილი იყო

მეხუთე ჯგუფი – „ტულონი“ ცუდად გამოიყურება

ფრანგული კლუბებისთვის სეზონის სტარტზე იმედგაცრუება უცხო არაა, მაგრამ ყველაზე რთულად გადასატანი ეს „ტულონისთვის“ იქნება. ვარსკვლავურმა კლუბმა „ფრემიერშიფის“ აუტსაიდერ „ნიუქასლს“ უმასპინძლა და შინ, ერთ ქულიანი სხვაობით დამარცხდა. შეგახსენებთ იმასაც, რომ „ტულონი“ „ტოპ 14“-ში დაქვეითების ზონასთან ძალიან ახლოს იმყოფება.

სამაგიეროდ გაიმარჯვა „მონპელიემ“. ფრანგებმა „ედინბურგს“ უმასპინძლეს და დაძაბული შეხვედრა ექვს ქულიანი სხვაობით მოიგეს. შოტლანდიელებს ძალიან არ გაუმართლათ, რომ დადებული ლელო არ ჩაუთვალეს.

„ტულონი“ 25:26 „ნიუქასლი“; „მონპელიე“ 21:15 „ედინბურგი“