ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) ოფიციალურ ვებგვერდზე ნიკოლას მესნერის სტატია გამოქვეყნდა, რომელიც ქართულ ძიუდოსა და მისი აღორძინების პერიოდზე მოგვითხრობს.
„დოჰაში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველო ამჟამად მეორე ადგილზეა ქვეყნების რეიტინგში. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ქართველ სპორტსმენს აქვს ნიჭი, ფიზიკური და ტექნიკური თვისებები, მათ ასევე ზედამხედველობს ძიუდოს ფედერაცია, რომელიც ყოველთვის გრძელვადიან პერსპექტივას ისახავს. 2017 წლიდან „გამოწვევა 2020“-ში პერსპექტიული ახალგაზრდა ძიუდოისტების ჯგუფი შეიკრიბა. მათ შორის არიან – ლაშა ბექაური, ლუკა მაისურაძე და ტატო გრიგალაშვილი. პირველი ტოკიოში ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, მეორემ და მესამემ კი ახლახან მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს. საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი ხელმძღვანელობდა „გამოწვევა 2020“-ის პროგრამას და განმარტავს, თუ როგორ მუშაობს ეს პროექტი“, – წერს მესნერი.
დავით ქევხიშვილი: „2017 წელს მივხვდით, რომ მხოლოდ ჩვენი ძიუდოისტის ნიჭის იმედად არ შეგვეძლო ყოფნა. მნიშვნელოვანია, იყო ნიჭიერი, მაგრამ ეს საკმარისი არ არის, განსაკუთრებით, გრძელვადიან პერსპექტივაში. საერთაშორისო დონეზე კონკურენცია ძალიან ინტენსიურია. ყველა ქვეყანას უნდა კარგად გამოსვლა და ყველგან არიან ნიჭიერი სპორტსმენები. ჩვენ დავიწყეთ დიდი პოტენციალის მქონე ახალგაზრდა ძიუდოისტების გამოვლენა კადეტთა შეჯიბრების დროს, ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ. საქართველოში ასევე გვაქვს 15-წლამდელთა საკლუბო ჩემპიონატი, რამაც კარგი მინიშნებები მოგვცა. გადავწყვიტეთ ერთდროულად გაგვეტარებინა ორი პროგრამა, ერთი მთავარი ეროვნული ნაკრებისთვის და ერთი პერსპექტიული ახალგაზრდებისთვის. ეს ყველაფერი ეხებოდა ძიუდოს უნარებს, მაგრამ არა მხოლოდ. ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ კარგ პირობებში ევარჯიშათ. ნაბიჯ-ნაბიჯ „გამოწვევა 2020“ გახდა დიდი მოტივაცია ყველასთვის. შეიქმნა პოზიტიური თანხვედრა ძველ და ახალგაზრდა თაობებს შორის. ასე რომ, ძირითადად, ორი ქართული გუნდი გვყავდა, უკვე გამოცდილი ჩემპიონი და მომავალი. დღეს უკვე ვიმკით ამ სტრატეგიის შედეგებს. ჩვენ უკვე დავიწყეთ მომდევნო ნაბიჯები და ვსაუბრობთ „გამოწვევა 2024“-სა და „2028“-ზე. პროგრამა მდგრადია, მოაქვს ძალიან ბევრი ემოცია და ენერგია“.
„საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის, გიორგი ათაბეგაშვილისთვის ყველაფერი ნათელია“, – აღნიშნავს წერილის ავტორი.
გიორგი ათაბეგაშვილი: „დღეს უკვე შეიძლება ითქვას, რომ როგორც ფედერაცია, ასევე თვითონ ძიუდო საქართველოში არის ქართული სპორტის სამაგალითო მოდელი; როგორ შეიძლება რეფორმების გატარება და პროგრესის მიღწევა სპორტის ნებისმიერ სახეობაში. ქართულ ძიუდოს ყოველთვის ჰქონდა შედეგი, თუმცა არც ისე მასშტაბური. ამჟამინდელი მიღწევები არის კარგად ორგანიზებული სისტემის დამსახურება, რომელმაც შექმნა ჯანსაღი კონკურენცია ეროვნულ გუნდში და ზრუნავდა მომავალი თაობების განათლებაზე. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ძიუდოში ეს რეფორმები ინიცირებული იყო საქართველოს ამჟამინდელი ხელმძღვანელობით. ფედერაციამ ძიუდოს განვითარება ახალ სიმაღლეზე აიყვანა და ახალი ინოვაციური მიდგომები შესთავაზა. „გამოწვევა 2020“ ინოვაციური მიდგომაა ქართული რეალობისადმი და უზარმაზარი ნახტომია რეფორმების გზაზე. ფედერაციამ შეარჩია ნიჭიერი ახალგაზრდები, გაიყვანა შეჯიბრებებზე, საშუალება მისცა, საწვრთნელ ცენტრში ეცხოვრათ. აღსანიშნავია, რომ, ყველაფერთან ერთად, ფედერაციამ იზრუნა სპორტსმენების განათლებაზე, აიყვანა მასწავლებლები სასკოლო პროგრამებისთვის და ეს ყველაფერი ნაყოფიერი გამოდგა. „გამოწვევა 2020“-თან ერთად დიდი ყურადღება დაეთმო დისციპლინასაც. გვინდოდა, თავიდანვე შეგვეჩვია ახალგაზრდები სპორტულ გარემოს. ფედერაციამ გააფორმა კონტრაქტები სპორტსმენებთან, დაადგინა ქცევის კოდექსი, რომელიც დეტალურად განსაზღვრავდა სპორტსმენების უფლებას. გარდა ამისა, ფედერაციამ ასევე შეიმუშავა სპეციალური პროგრამები მწვრთნელებისთვის და ჩაატარა რამდენიმე ტრენინგი მათი კვალიფიკაციის ასამაღლებლად. ჩვენი გუნდი მთელი ძალისხმევით მუშაობს უმაღლესი მიზნისთვის. სპორტსმენების, მწვრთნელების, ექიმების, ფედერაციის და თითოეული ადამიანის მიერ გაწეული დიდი შრომა ნამდვილად დაფასდა და რეკორდულ შედეგს მივაღწიეთ. ეს არის ერთი გზა, ერთი ხედვა, ერთი გუნდი. ეს საქართველოს ძიუდოს ფედერაციაა და ვფიქრობთ, რომ იშვიათად ნახავთ ასეთ გაერთიანებულ, შედეგზე ორიენტირებულ გუნდს, არა მარტო ძიუდოში, არამედ სპორტის ნებისმიერ სახეობაში“.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედლით დაასრულა. მსოფლიო ჩემპიონები ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) და ლუკა მაისურაძე (90 კგ) გახდნენ, ვერცხლის მედალი ლაშა ბექაურმა (90 კგ) მოიპოვა, ხოლო მესამე ადგილი 19 წლის გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) დაიკავა. აღსანიშნავია,რომ საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრები მამაკაცთა შორის პირველ ადგილზე გავიდა.