ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი - ბათუმის „დინამო“ რაზგრადში „ლუდოგორეცთან“ დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT 

ბათუმის „დინამო“ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბულგარულ „ლუდოგორეცს“ დაუპირისპირდა და 1:3 დამარცხდა.

რაზგრადის სტადიონზე გამართულ დაპირისპირებაში ბულგარეთის ჩემპიონმა პირველივე წუთებიდან მოიპოვა უპირატესობა და მე-13 წუთზე დაწინაურდა კიდეც. კუთხურის გათამაშების შემდეგ საჯარიმოსთან უმეთვალყურეოდ დარჩა განელი თავდამსხმელი ბერნარდ ტეკპეტეი და „ლუდოგორეცი“ დააწინაურა.

ბათუმელებმა თამაშის შემოტრიალება სცადეს, მაგრამ კონტრშეტევაზე მეორე გოლიც გაუშვეს. 24-ე წუთზე „ლუდოგორეცმა“ სწრაფად მოახერხა ბათუმელთა საჯარიმოში გადასვლა, ბრაზილიელმა რიკიმ მცველს გაასწრო და მასპინძელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა.

შესვენების შემდეგ ბათუმის „დინამო“ უფრო თამამად ათამაშდა და მალე სხვაობა შეამცირა. 62-ე წუთზე ონორე გომისმა საჯარიმოში კარგად ითამაშა და კარის წინ ლადო მამუჩაშვილი მონახა, რომელმაც სამი მეტოქე მოატყუა და ახლოდან ზუსტად დაარტყა 2:1.

72-ე წუთზე ასლაკ ვიტრიმ ზუსტი საჯარიმო დარტყმით ორბურთიანი სხვაობა აღადგინა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრა „დინამოსა“ და რაზგრადის „ლუდოგორეცს“ შორის 17 ივლისს „ბათუმი არენაზე“ გაიმართება.