ჩემპიონთა ლიგის „რვათა ფინალის“ წილისყრა 10 ივლისს გაიმართება. გაზეთ „ეკიპის“ ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება უეფა-ს აღმასკომის სხდომაზე მიიღეს.
მთავარი ევროპული საკლუბო ტურნირი ლისაბონში უნდა დასრულდეს რვა გუნდის მონაწილეობით. ტურნირს პლეი ოფის სისტემა ექნება და მეოთხედფინალიდან დაიწყება. მანამდე კი 7-9 აგვისტოს ოთხ წყვილში უნდა გაიმართოს მერვედფინალის განმეორებითი მატჩები იმ ქალაქებში, რომლებშიც ეს თავიდან იყო დაგეგმილი.
„რვათა ფინალი“ ლისაბონში გაიმართება. მეოთხედფინალების ჩატარების თარიღია – 12-15 აგვისტო, ნახევარფინალების – 18-19 აგვისტო, ფინალის – 23 აგვისტო.
ამ მომენტისთვის, მეოთხედფინალში თამაში განაღდებული აქვთ: „პარი სენ-ჟერმენს“, „ატლეტიკოს“, „ატალანტასა“ და „ლაიპციგს“.