ჩემპიონთა ლიგაზე მეხუთე ტური დასრულდა, რომლის შემდეგაც, სანახევროდ არის დაკომპლექტებული პლეი ოფი: ცნობილია რვა მერვედფინალისტი და კიდევ რვა ორი კვირის შემდეგ, ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში გაირკვევა.
A ჯგუფი – სენსაცია: აკინფეევმა არ გაუშვა
“მანჩესტერ იუნაიტედს” პლეი ოფში პირველი ადგილიდან გასასვლელად ფრეც ჰყოფნიდა, მაგრამ ეს საკითხი კიდევ ერთი ტურით გადადო. არადა, “ეშმაკებს” პირველივე ტაიმში შეეძლოთ ყველაფრის მოგვარება, მაგრამ იუბილარმა ფელაინიმ (მას 30 წელი შეუსრულდა) და პარტნიორებმა უამრავი მომენტი გაფლანგეს (ორჯერ ძელს მოხვდა ბურთი).
მეორე ტაიმში თამაში ჯერ გათანაბრდა, ბოლოს კი “ბაზელი” ფლობდა უპირატესობას და მასპინძელთა აქტიურობის შედეგი იყო ლანგის გოლი და 1:0 მოგება. “მანჩესტერს” 12 ქულა დარჩა, “ბაზელმა” კი 9 ქულა დააგროვა, იმდენი, რამდენიც ცსკა-მ, რომელმაც შინ 2:0 დაამარცხა “ბენფიკა”. ამ მატჩის მთავარი მოვლენა ის იყო, რომ პირველად 2006 წლის (!) 1 ნოემბრისა და ზედიზედ 43 მატჩის შემდეგ, “მშრალად” შეინახა საკუთარი კარი მოსკოველთა მეკარემ იგორ აკინფეევმა.
ბოლო ტურში ცსკა მანჩესტერში ითამაშებს, “ბაზელი” – ლისაბონში. იმ შემთხვევაში, თუ ცსკა და “ბაზელი” თანაბარ ქულებს დააგროვებენ, ურთიერთშეხვედრებში უკეთესი შედეგის გამო წინ შვეიცარიელები იქნებიან.
ცსკა-ბენფიკა 2:0 (შჩენიკოვი, 31. ჟარდელი, 56-საკ. კარში)
ბაზელი-მანჩესტერ იუნაიტედი 1:0 (ლანგი, 89)
სატურნირო მდგომარეობა: 1. მანჩესტერ იუნ – 12 ქულა; 2. ბაზელი – 9; 3. ცსკა – 9; 4. ბენფიკა – 0.
B ჯგუფი – განადგურება პარიზში და ყალბი ფული ბრიუსელში
პარიზული მატჩის წინ, “სელტიკის” მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა მასპინძლები გააღიზიანა, როცა განაცხადა, რომ ფულით ისტორიას ვერ იყიდი. მართლაც, შოტლანდიელებს რვით მეტი ჩემპიონობა და სამჯერ მეტი თასი აქვთ მოგებული და მოპოვებული აქვთ ჩემპიონთა თასი, მაგრამ დღეს პსჟ გაცილებით ძლიერია და ეს ოთხშაბათს დამტკიცდა.
თუმცა, ფრანგებისთვის ყველაფერი ცუდად იწყებოდა – 56-ე წამზე დემბელემ არეოლას შეცდომით ისარგებლა. თუმცა, პსჟ-მ შესვენებამდე ოთხჯერ გაიტანა, კიდევ სამჯერ შესვენების შემდეგ და “დიდი ისტორიის” მქონე კლუბი დაამცირა.
ბელგიაში “ანდერლეხტმა” სცადა პირველი გოლის გატანა და პირველი ქულის მოპოვება და ამ ორიდან ერთი ამოცანა შეასრულა. ეს თამაში ორი პოლონელი ფორვარდის დუელი იყო. შესვენებამდე ტეოდორჩიკს უამრავი მომენტი შეექმნა, მაგრამ ბრწყინავდა ულრაიხი, რომელსაც პირველ ტაიმში ოთხი სეივი დაუგროვდა.
სამაგიეროდ, ლევანდოვსკიმ მეორე ტაიმში გახსნა ანგარიში, თუმცა ჰანიმ გაქვითა და “ანდერლეხტის” პირველი გოლი გაიტანა ტურნირზე. კლასმა მაინც თავისი გაიტანა და 77-ე წუთზე ტოლისომ კიმიხის პასით გამარჯვების გოლი შეაგდო.
მატჩის მთავარი მოვლენა კი “ბაიერნის” ფანების პერფორმანსი იყო. მათ თამაში ორი წუთით შეწყვიტეს, როცა მინდორზე ყალბი კუპიურები გადაყარეს. ამით გერმანელებმა ბილეთებზე მაღალი ფასები (70-100 ევრო) გააპროტესტეს . “თქვენი სიხარბე დაკმაყოფილებულია?” – ასეთი სარკასტული ბანერი გამოფინეს მიუნხენელებმა ტრიბუნებზე”.
პსჟ-სელტიკი 7:1 (ნეიმარი, 9, 22. კავანი, 28, 79. მბაპე, 35. ვერატი, 75. დანი ალვეში, 80 – დემბელე, 1)
ანდერლეხტი-ბაიერნი 1:2 (ჰანი, 63 – ლევანდოვსკი, 51. ტოლისო, 77)
სატურნირო მდგომარეობა: 1. პსჟ – 15 ქულა; 2. ბაიერნი – 12; 3. სელტიკი – 3; 4. ანდერლეხტი – 0.
C ჯგუფი – ვილიანის ბენეფისი და გრიზმანის შედევრი
ანტონიო კონტემ “ყარაბახთან” შეხვედრას მნიშვნელოვანი უწოდა, რადგან მას შეეძლო მერვედფინალის საგზური მოეტანა ლონდონელებისთვის. ასეც მოხდა: “ჩელსიმ” ძალიან იოლად დაამარცხა სტუმრად დებიუტანტი, თუმცა, კინაღამ გაუშვა პირველი გოლი – მიჩელმა მე-13 წუთზე ბურთი ძელს გაარტყა. პირველი ტაიმის შუაში სადიგოვმა საჯარიმოში ვილიანი წააქცია და წითელი ბარათი მიიღო – ზედიზედ მესამე მატჩში აზერბაიჯანელები მოედანზე ათნი დარჩნენ.
რიცხვობრივ უპირატესობაში “ჩელსიმ” იოლად მოიგო და პლეი ოფის საგზური მოიპოვა. ეს მატჩი ვილიანის ბენეფისად იქცა – მან დუბლი შეასრულა და ორი პენალტი გამოიმუშავა. ბრაზილიელი “ჩელსის” მაისურით მე-200 მატჩს ატარებდა.
მადრიდში “ატლეტიკოს” პლეი ოფის მიზერული შანსის შესანარჩუნებლად აუცილებლად მოგება სჭირდებოდა. დიეგო სიმეონეს გუნდს პირველ ტაიმში ბევრი არაფერი გამოსდიოდა, მეორეში კი ვა-ბანკზე წავიდა, როცა ოთხი ფორვარდით თამაშზე გადავიდა.
რისკმა გაამართლა – გრიზმანმა მაკრატელათი ტურის ულამაზესი გოლი გაიტანა და ლიგაზე 800-წუთიანი უგოლო სერია შეწყვიტა. ამის შემდეგ იყო რომაელი ბრუნო პერეშის გაძევება და გამეიროს მეორე გოლი.
ბრძოლა მეორე საგზურისთვის გრძელდება, მაგრამ ძნელი წარმოსადგენია, რომ “რომამ” მეორე ადგილი დაკარგოს – ბოლო ტურში ის შინ იღებს “ყარაბახს“.
ყარაბახი-ჩელსი 0:4 (აზარი, 21-პენ. ვილიანი, 36, 85. ფაბრეგასი, 73-პენ)
ატლეტიკო-რომა 2:0 (გრიზმანი, 69. გამეირო, 85)
სატურნირო მდგომარეობა: 1. ჩელსი – 10; 2. რომა – 8; 3. ატლეტიკო – 6; 4. ყარაბახი – 2;
D ჯგუფი – მესის გარეშე ზეიმი არ არის
დღის ცენტრალურ შეხვედრას სათადარიგოთა სკამიდან იწყებდა “ბარსელონას” ლიდერი ლიონელ მესი. მის გარეშე, სტუმრებს არც ერთი მომენტი არ შეუქმნიათ მთელი ტაიმის განმავლობაში, ლუის სუარესს კი მხოლოდ 14 შეხება ჰქონდა ბურთთან და აქედან არც ერთი – მეტოქის საჯარიმოში.
“იუვენტუსმა” შესვენებამდე ორი კარგი მომენტი გააფუჭა. მეორე ტაიმში აქტიურობა არ მომატებულა იმის მიუხედავად, რომ მესი 56-ე წუთზე შევიდა მოედანზე. უგოლო ფრემ “ბარსელონას” პირველი ადგილი გაუნაღდა.
ტურინელებმა ქულები დაკარგეს და ამით მისმა მდევარმა “სპორტინგმა” ისარგებლა. ლისაბონელებს არ უმართლებდათ პირველი 40 წუთი, მაგრამ შესვენებამდე ორჯერ მოასწრეს გატანა. ამას კიდევ ერთი დაუმატეს მეორე ტაიმში (დოსტმა დუბლი შეასრულა). მოგების მიუხედავად, “სპორტინგი” მაინც ვერ გავა მერვედფინალში: რთული წარმოსადგენია, რომ მან სტუმრად მოუგოს “ბარსელონას”, ხოლო “იუვენტუსმა” წააგოს “ოლიმპიაკოსთან”.
იუვენტუსი-ბარსელონა 0:0
სპორტინგი-ოლიმპიაკოსი 3:1 (დოსტი, 40, 66. ბრუნო სეზარი, 43 – ოჯიჯა-ოფოე, 86)
სატურნირო მდგომარეობა: 1. ბარსელონა – 11; 2. იუვენტუსი – 8; 3. სპორტინგი – 7; 4. ოლიმპიაკოსი – 1.
ფაქტები
– “ბარსელონამ” თავის ისტორიაში პირველად ითამაშა ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ ორჯერ – 0:0.
– “პარი სენ-ჟერმენს” ხუთი ტურის შემდეგ 24 გოლი აქვს. არც ერთ გუნდს ისტორიაში არ გაუტანია ამდენი გოლი ჯგუფურ ეტაპზე.
– ზედიზედ 14 მატჩია “ბაზელის” სტადიონზე ინგლისური კლუბები ვერ ახერხებენ კარის “მშრალად” შენახვას.
– ზლატან იბრაჰიმოვიჩი პირველი ფეხბურთელია, ვინც შვიდ სხვადასხვა კლუბთან ერთად ითამაშა ჩემპიონთა ლიგაზე.
– ედინსონ კავანიმ პსჟ-ის შემადგენლობაში 150 გოლი გაიტანა. ამისთვის ურუგვაელს 216 მატჩი დასჭირდა.
– “ჩელსი” ჩემპიონთა ლიგის ბოლო 15 გათამაშებაში მეთოთხმეტედ გავიდა პლეი ოფში.
– სესკ ფაბრეგასი მეოთხე ესპანელი ფეხბურთელია, ვისაც ჩემპიონთა ლიგაზე 20 გოლი დაუგროვდა (რაული – 71, ფერნანდო მორიენტესი – 33, ფერნანდო ტორესი – 20).
– ედენ აზარს რვა გოლი აქვს ჩემპიონთა ლიგაზე, რაც ბელგიელებს შორის რეკორდია.
– “იუვენტუსმა” შეწყვიტა 34-მატჩიანი საშინაო სერია, როცა მას მინიმუმ ერთი გოლი გაჰქონდა მატჩში.
– “რომას” ბოლო ოთხი წაგება ლიგაზე ესპანურ გუნდებთან ჰქონდა.
– ანდრეს ინიესტამ 126-ე მატჩი ჩაატარა ჩემპიონთა ლიგაზე და გაუსწრო შესაბამის სიაში მეექვსე ადგილზე მყოფ კლარენს ზეედორფს.