ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი | „სლოვანი“ „ქაირათთან“ პენალტების სერიაში დამარცხდა #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბრატისლავის „სლოვანმა“, სადაც გურამ კაშია თამაშობს, ლუკა გადრანისა და გიორგი ზარიას ალმათის „ქაირათს“ უმასპინძლა და პენალტების სერიაში დამარცხდა (1:0 ძირითადი დრო – 3:4 პენალტების სერიაში).
პირველი შეხვედრა ყაზახეთში ალმათელების გამარჯვებით (1:0) დასრულდა. ბრატისლავაში კაშია „სლოვანის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და საუკეთესო შეფასება (7.2 ქულა) მიიღო. ზარია სტუმართა შორის 68-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა, მაგრამ ტრავმა მიიღო და 103-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო გადრანს არ უთამაშია.
სლოვაკეთის ჩემპიონი გამოცდილმა თავდამსხმელმა, რობერტ მაკმა 30-ე წუთზე დააწინაურა. დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა და ჯერ დამატებითი ტაიმები დაინიშნა, შემდეგ კი – პენალტების სერია, რომელიც უკეთ ყაზახებმა შეასრულეს.
„ქაირათი“ ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში შოტლანდიურ „სელტიკს“ შეხვდება, ხოლო „სლოვანი“ ევროპა ლიგის პლეი ოფში შვეიცარულ „იანგ ბოიზს“ დაუპირისპირდება.