ჩემპიონთა ლიგის ახალ ფორმატს მოწინააღმდეგეები გამოუჩდნენ - უეფამ, შესაძლოა, თავის პროექტს გადახედოს #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგის ახალ ფორმატს მოწინააღმდეგეები გამოუჩდნენ - უეფამ, შესაძლოა, თავის პროექტს გადახედოს #1TVSPORT

ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის განხორციელებას, რომელიც 2024/25 წლების სეზონიდან უნდა შევიდეს ძალაში, საფრთხე დაემუქრა. უეფა-მ, შესაძლოა, გადახედოს თავის პროექტს იმის გამო, რომ კლუბებისგან კრიტიკა დაიმსახურა, – ამტკიცებს სააგენტო Associated Press.

ახალი ფორმატის გამოქვეყნების შემდეგ, გაჩნდა პოპულარული აზრი იმის შესახებ, რომ ცვლილებები ტოპ-კლუბების სასარგებლოდ და მათი გულის მოსაგებად გაკეთდა, „საშუალო კლასის“ შესაძლებლობები და პერსპექტივები კი შევიწროებულია. კერძოდ, ლაპარაკია ტურნირში მონაწილეობის დამატებით საგზურებზე ისტორიულად წარმატებული გუნდებისთვის, რომლებმაც ეროვნულ ჩემპიონატებში სუსტი სეზონი ჩაატარეს.

ასევე რეფორმის ცალკეული პუნქტების წინააღმდეგ გამოდიან ევროპული ლიგები, – ამტკიცებს გაზეთი The Guardian.

მაგალითად, ევროპის პროფესიული საფეხბურთო ლიგების ასოციაცია არ იწონებს ახალი ჩემპიონთა ლიგის პირველ ეტაპზე დღევანდელი ექვსის ნაცვლად 10 ტურის ჩატარებას. კომპრომისულ ვარიანტად ისინი ასახელებენ რვა ტურს.

„50 პროცენტზე მეტით მატჩების რაოდენობის გაზრდა ზარალს მიაყენებს კლუბების უმრავლესობას და მხოლოდ ერთეულებს მოუტანს სარგებელს. საჭიროა ტურების რაოდენობის შეცვლა“, – განაცხადა ასოციაციის პრეზიდენტმა კლაუს ტომსენმა.

ამ საკითხებთან დაკავშირებით, უეფა-ს საკლუბო ტურნირების კომიტეტი 10 მაისს შეიკრიბება.

2024/25 წლების სეზონიდან ჩემპიონთა ლიგის ფორმატი იცვლება. გაუქმდება 32-გუნდიანი და რვაქვეჯგუფიანი ჯგუფური ეტაპი ამჟამინდელი სახით და შეიქმნება ერთიანი ლიგა 36 კლუბით. თითოეულს პირველ ეტაპზე 10 მატჩის ჩატარება მოუწევს.

დატოვე კომენტარი