ჩემპიონთა ლიგაზე ირაკლი აზაროვისა და გიორგი გოჩოლეიშვილის დებიუტი შედგა - „შახტარმა“ „პორტუსთან“ წააგო #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფური ეტაპი დაიწყო და ქართველების გუნდმაც ითამაშა. დონეცკის „შახტარმა“ „პორტუსთან“ 1:3 წააგო.
უკრაინაში საომარი ვითარების გამო დონეცკელებმა პორტუგალიელები გერმანიაში, ჰამბურგში მიიღეს. შეხვედრის დელეგატად უეფა-მ ვახტანგ ბზიკაძე მიავლინა, ხოლო მსაჯთა დამკვირვებლად – ლევან ფანიაშვილი.
„შახტარის“ მთავარმა მწვრთნელმა, პატრიკ ვან ლეუვენმა „პორტუს“ წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში არ დააყენა არც გიორგი გოჩოლეიშვილი და არც ირაკლი აზაროვი. ეს უკანასკნელი მოედანზე 65-ე წუთზე გამოჩნდა, ხოლო გოჩოლეიშვილი თამაშში 76-ე წუთზე ჩაერთო. ამით ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ნათამაშები ქართველი ფეხბურთელების რაოდენობა 25-მდე გაიზარდა.
თამაში „პორტუმ“ კარგად დაიწყო, გალენოს დუბლითა (8, 15) და მეჰდი ტარემის (29) გოლით პირველ ტაიმში 3:1 დაწინაურდა. უკრაინელების მხრიდან ერთადერთი გოლი ვენესუელელმა თავდამსხმელმა, კევინ კელსიმ (15) გაიტანა. მეორე ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა და „პორტუმ“ 3:1 მოიგო.
20 სექტემბერს ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ პორტუგალიაში „ბრაგას“ დაუპირისპირდება, ხოლო დავით ხოჭოლავას „კოპენჰაგენი“ სტამბულში „გალათასარაის“ ესტუმრება.