ჩემპიონთა ლიგაზე გიორგი მიქაუტაძის დებიუტი შედგა - „ვილიარეალი“ „ტოტენჰემთან“ დამარცხდა #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგაზე გიორგი მიქაუტაძის დებიუტი შედგა - „ვილიარეალი“ „ტოტენჰემთან“ დამარცხდა #1TVSPORT

ჩემპიონთა ლიგაზე გიორგი მიქაუტაძის დებიუტი შედგა. ქართველი თავდამსხმელის „ვილიარეალი“ ლონდონში „ტოტენჰემს“ დაუპირისპირდა და 0:1 დამარცხდა.

ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის ძირითადი ეტაპის პირველ ტურში მიქაუტაძე ესპანური გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად, 90 წუთი ითამაშა. ის კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მატჩში მიიღო მონაწილეობა.

„ტოტენჰემმა“ კარგად დაიწყო – მე-4 წუთზე ლუკას ბერგვალის ჩაწოდების შემდეგ „ვილიარეალის“ მეკარეს, ლუის ჟუნიორს ბურთი ხელიდან გაუვარდა და საკუთარ კარში ჩაჭრა. ამის შემდეგ შეხვედრაში ანგარიში აღარ შეცვლილა.

„ვილიარეალი“ ჩემპიონთა ლიგაზე შემდეგ მატჩს პირველ ოქტომბერს საკუთარ სტადიონზე ტურინის „იუვენტუსთან“ გამართავს.