ჩემპიონთა ლიგაზე „დინამოს“ მეტოქე გაირკვა - თბილისელები „ტირანას“ შინ მიიღებენ
„დინამო თბილისი“ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში ალბანეთის ჩემპიონ „ტირანას“ შეხვდება – ეს ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის წილისყრის შემდეგ გახდა ცნობილი, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გაიმართა.
საქართველოს ჩემპიონი განთესილებში იყო – მისი სავარაუდო მეტოქეები იყვნენ ბრესტის „დინამო“, „რიგა“, „ტირანა“ და „სილექსი“. თბილისურ კლუბს სავარაუდო მეტოქეებიდან ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მეტოქე შეხვდა.
„ტირანა“ ალბანეთის ჩემპიონი 25-ჯერ გახდა, ამჯერად ეს 11-წლიანი პაუზის შემდეგ მოახერხა. ამ ალბანურ კლუბს თბილისის „დინამო“ ჩემპიონთა ლიგაზე 2003/04 წლების სეზონშიც შეხვდა – „დინამომ”2003 წლის 16 ივლისს პირველი მატჩი თბილისში 3:0 მოიგო. ბურთები ლევან მელქაძემ (6), გიორგი ანჩაბაძემ (45) და ვიტალი დარასელიამ (50. პენ.) გაიტანეს, თუმცა საპასუხო მატჩში, რომელიც ტირანაში 23 ივლისს გაიმართა, იგივე ანგარიშით ალბანელებმა იმარჯვეს, პენალტების სერიაში კი საქართველოს მაშინდელი ჩემპიონი 2:4 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.
ამ ეტაპზე, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი ერთრაუნდიანია – მატჩი 18 ან 19 აგვისტოს, თბილისში გაიმართება.