ჩემპიონთა ლიგაზე „დინამო თბილისის“ თამაშს ინგლისელი სტიუარტ ეტველი განსჯის #1TVSPORT
უეფა-მ დაასახელა მსაჯები, რომლებიც ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამო თბილისისა” და ყაზახეთის ჩემპიონის, „ასტანას“ განმეორებით შეხვედრას განსჯიან.
მთავარი არბიტრი 40 წლის ინგლისელი სტიუარტ ეტველი იქნება, რომელსაც ხაზზე (ლაინსმენები) თანამემამულეები – სტიუარტ ბერტი და ნილ დევისი დაეხმარებიან, მეოთხე მსაჯიც ინგლისიდან იქნება – ჯონ ბრუკსი.
ინგლისის პრემიერლიგაში ეტველი სადებიუტო შეხვედრას 2008 წლის 23 აგვისტოს გაუძღვა „ბლექბერნ როვერსსა“ და „ჰალ სიტის“ შორის (1;1). მაშინ ის 25 წლის იყო და გახდა ყველაზე ახალგაზრდა არბიტრი, რომელსაც ინგლისის უმაღლეს საფეხბურთო ლიგაში ოდესმე უმუშავია.
2008 წლის 20 დეკემბერს ეტველი ფიფა-ს არბიტრი გახდა. 2010 წლის ივლისში იაპონიის J ლიგის თამაშებზე მიიწვიეს. შეცდომების გამო 2012 წლის თებერვალში პრემიერლიგას დროებით ჩამოაშორეს და მხოლოდ 2014 წლის ოქტომბერში დააბრუნეს.
ეტველი პრემიერლიგაში განსაკუთრებული სიმკაცრით არ გამოირჩევა, რასაც ევროტურნირებზე ვერ ვიტყვით. ბოლოს 2022 წელს იმსაჯა ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი ლუქსემბურგის „დუდელანჟსა“ და სლოვენიურ „ოლიმპიას“ შორის. მან 11 ყვითელი და ერთი წითელი ბარათი უჩვენა მატჩის მონაწილეებს. სულ ბოლო ცხრა თამაშში ევროტურნირებზე მან 51-ჯერ გამოიყენა ყვითელი ბარათი, საშუალოდ 5.67 შეხვედრაში.
ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი „დინამო თბილისმა“ ყაზახეთის ჩემპიონ „ასტანასთან“ სტუმრად 1:1 დაასრულა. განმეორებითი შეხვედრა 19 ივლისს, თბილისში, „დინამო არენაზე“ 20:00 საათზე დაიწყება.