ჩემპიონთა ლიგა - ტუხელს ბუქარესტში, „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ სერიოზული გამოცდა ელის
დღეს, 24 თებერვალს ჩემპიონთა ლიგის მორიგი მერვედფინალური შეხვედრა გაიმართება, სადაც მადრიდის „ატლეტიკო“ ლონდონის „ჩელსის“ რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში, Arena Nationala-ზე დაუპირისპირდება.
მიუხედავად იმისა, რომ დიეგო სიმეონეს გუნდმა ბოლო 4 მატჩიდან მხოლოდ ერთში მოახერხა გამარჯვების მოპოვება, მადრიდელები ლა ლიგას მაინც წარმატებით ლიდერობენ და უახლოეს მიმდევარს „რეალს“ 3 ქულით უსწრებენ, თან უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ „ატლეტიკოს“ ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ arena Nationala დიეგო სიმეონისთვის უცნობი ადგილი არაა. 2012 წელს, როცა მადრიდის „ატლეტიკო“ ევროპის ლიგის ჩემპიონი გახდა, საფინალო შეხვედრა „ბილბაოს“ წინააღმდეგ სწორედ ამ სტადიონზე გამართა, სადაც მადრიდელებმა დამაჯერებელი ანგარიშით 3:0 მოიგეს.
რაც შეეხება „ჩელსის“, ლონდონელთა ბანაკში ცვლილებები მიმდინარეობს, გუნდიდან ცოტა ხნის წინ ფრენკი ლემპარდი დაითხოვეს და მის ნაცვლად „პარი სენ-ჟერმენში“ დაწუნებული თომას ტუხელი მიიყვანეს. გერმანელმა სპეციალისტმა კარგად დაიწყო და 7 მატჩში 5 მოგება და 2 ფრე დაუგროვდა, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ტოპ გუნდებიდან მხოლოდ „ტოტენჰემთან“ მოუწია თამაში, შესაბამისად „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ ტუხელს სერიოზული გამოცდა ელის.
სავარაუდო შემადგენლობები:
ატლეტიკო: ობლაკი, ლორენტე, სავიჩი, ფელიპე, ერმოსო, ლოდი, კოკე, კონდოგბია, ნიგესი, ფელიქსი, სუარესი.
ჩელსი: მენდი, ასპილიკუეტა, ზუმა, რუდიგერი, ჯეიმსი, კანტე, კოვაჩიჩი, ალონსო, მაუნტი, ჟირუ, ვერნერი.
მწვრთნელების კომენტარი:
დიეგო სიმეონე (ატლეტიკო): „ჩელსი“ ტომას ტუხელის ხელში ძალიან შეიცვალა. ეს უძლიერესი გუნდია, რომელიც დიდებული ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. მათ კარგი ფინანსური ინვესტიცია გააკეთეს. როცა ხედავ „ჩელსის“ მეკარეების დონეს, ხვდები თუ რა პოტენციალი აქვს გუნდს. რაც შეეხება შემტევებს, მათ ევროპის ნებისმიერ გუნდში შეუძლიათ თამაში.
თომას ტუხელი (ჩელსი): ეს დიდი გამოცდაა. „ატლეტიკო“ ამ დონეზე ძალიან გამოცდილი გუნდია, რომელსაც ჰყავს გამოცდილი მწვრთნელი. ჩვენ ვითამაშებთ ჩვენი გზით, ხოლო ისინი თავიანთი სტილით შეეცდებიან თამაშს.