ჩემპიონთა ლიგა | „ნაპოლი“ მადრიდის „რეალთან“ დამარცხდა - კვარაცხელია გოლში მონაწილეობდა, თავად კი ვერ გაიტანა #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში მადრიდის „რეალს“ დაუპირისპირდა და 2:4 დამარცხდა.
„ნაპოლის“ ტრავმის გამო იესპერ ლინდსტრომი, მატიას ოლივერა და მარიო რუი ვერ ეხმარებოდნენ, ხოლო „რეალს“ – ტიბო კურტუა, კეპა არასაბალაგა, ედერ მილიტაო, ედუარდო კამავინგა, აურელინ ჩუამენი, ლუკა მოდრიჩი და ვინისიუსი.
„სანტიაგო ბერნაბეუზე“ გამართულ დაპირისპირებაში ერთ-ერთი პირველი შეტევა ხვიჩა კვარაცხელიამ წამოიწყო, რომელიც მე-10 წუთზე გატანილი გოლით დასრულდა. ხვიჩამ საჯარიმოში ჯოვანი დი ლორენცო მონახა, რომლის გადაცემითაც ჯოვანი სიმეონემ ანგარიში გახსნა, მაგრამ ერთ წუთში „რეალმა“ როდრიგოს გოლით წონასწორობა აღადგინა.
22-ე წუთზე დავიდ ალაბას შესანიშნავი გადაცემის შემდეგ ჯუდ ბელინგემმა მადრიდელები დააწინაურა და „სამეფო კლუბმა“ ტაიმი 2:1 მოიგო.
„ნაპოლიმ“ მერე ტაიმის დასაწყისში ანგარიში გაათანაბრა. 47-ე წუთზე მადრიდელებს ზამბო ანგისამ ეფექტური გოლი გაუტანა. 52-ე წუთზე კვარაცხელიას გატანა შეეძლო, მაგრამ ოსიმენზე გადაცემა ამჯობინა, ბურთი მცველმა ჩაჭრა და ხვიჩამ თავის გამოჩენის მშვენიერი შანსი დაკარგა. სამ წუთში კი კარის აღება თავური დარტყმით სცადა, თუმცა მიზანს ააცილა.
59-ე წუთზე ქართველ ფეხბურთელს კიდევ ერთი შანსი ჰქონდა, მაგრამ კარის წინ ბურთი ვერ დაიმორჩილა და მცველმა ვითარება განმუხტა.
მატჩის ბოლო ნაწილი „რეალის“ დიდი უპირატესობით მიმდინარეობდა და 84-ე წუთზე ნიკოლას პაზის გოლით დაწინაურდა. 19 წლის არგენტინელი ფეხბურთელის დარტყმისას „ნაპოლის“ მეკარე შეცდა და ბურთი ვერ მოიგერია – 3:2.
მსაჯის მიერ დამატებულ მეოთხე წუთზე თავისი გოლი ხოსელუმაც გაიტანა და შეხვედრაში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, 4:2 მადრიდელთა სასარგებლოდ.
ჯგუფის მეორე შეხვედრაში „ბრაგამ“ „უნიონთან“ ფრედ ითამაშა. ხუთი ტურის შემდეგ ჯგუფში პირველზე „რეალია“ (15), რომელიც ტურნირის 1/8-ფინალში გავიდა, „ნაპოლიმ“ კი 7 ქულით შემდეგ ეტაპზე თამაში ვერ გაინაღდა. პლეი ოფში გასასვლელად იტალიელებმა ბოლო ტურში „ბრაგასთან“ (4 ქულა) მატჩი 2 ბურთით არ უნდა წააგონ.