ჩემპიონთა ლიგა | მაკფადენის - 17 და ანდრონიკაშვილის 2 ქულა „ბილბაოსთან“ მატჩში [ვიდეო] #1TVSPORT
ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგაში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ესპანურმა „მურსიამ“, რომლის ღირსებასაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ორი წევრი – თად მაკფადენი და რატი ანდრონიკაშვილი იცავენ. „ბილბაოსთან“ მატჩში ორივე მათგანმა ითამაშა და გამარჯვებაშიც საკუთარი წვლილი შეიტანა.
შეხვედრა მურსიელებმა 18 ქულის სხვაობით – 90:72 მოიგეს. საბოლოოდ, მაკფადენმა „მურსიას“ გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა, მან არასრულ 21 წუთში გუნდს 17 ქულა მოუტანა (3 სამქულიანი ჩააგდო). თადის ანგარიშზეა 4 პასი და 1 მოხსნა, მაგრამ 4 დაკარგვაც. 4 წუთზე ოდნავ მეტი ითამაშა ანდრონიკაშვილმა – მან 2 ქულა, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა.
შეგახსენებთ, რომ ამავე ჯგუფში ასპარეზობს გიორგი შერმადინის „ტენერიფე“, რომელმაც პირველ ტურში სწორედ „მურსიას“ მოუგო. პირველ თებერვალს ტენერიფელები თურქულ „დარუშაფაკას“ ეთამაშებიან, ხოლო 7 თებერვალს სტამბოლს სათამაშოდ მაკფადენისა და ანდრონიკაშვილის „მურსია“ ესტუმრება.