ჩემპიონთა ლიგა - „ლივერპულმა" პრემიერლიგის ლიდერი გაანადგურა
ჩემპიონთა ლიგა - „ლივერპულმა" პრემიერლიგის ლიდერი გაანადგურა

ოთხშაბათს, ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხედფინალური ეტაპი გაგრძელდა.

ენფილდზე” “ლივერპულსა” და “მანჩესტერ სიტის” შორის ინგლისური დერბის პირველი მატჩი გაიმართა. პეპ გვარდიოლას გუნდმა, რომელსაც შეუძლია უახლოეს უქმეებზე ინგლისის ჩემპიონობა გაიფორმოს, პირწმინდად წააგო მატჩი იურგენ კლოპის “ლივერპულთან” – 0:3.

მასპინძლებმა სამივე გოლი პირველ ტაიმში გაიტანეს: რობერტო ფირმინომ მოჰამედ სალაჰს გაატანინა, ჯეიმს მილნერმა ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენს, სალაჰმა კი სადიო მანეს.

“სიტიმ” მატჩი ისე დაასრულა, რომ ერთი ზუსტი დარტყმაც არ ჰქონია.

სალაჰს ამ სეზონის ოფიციალურ მატჩებში 38 გოლი დაუგროვდა და ამ მაჩვენებლით მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუს (39) ჩამორჩება. ჯეიმს მილნერს კი წლევანდელ ჩემპიონთა ლიგაზე შვიდი შედეგიანი პასი აქვს, რაც უახლოეს მდევრებზე სამით მეტია.

„ლივერპულს” მიმდინარე ლიგაზე 30 გოლი დაუგროვდა, რითაც 2007-08 წლების სეზონში დამყარებული თავისივე რეკორდი (29) გააუმჯობესა. იურგენ კლოპის გუნდი ევროთასებზე 2014 წლიდან მოყოლებული არ მარცხდება საკუთარ მოედანზე – ეს სერია 14 მატჩისგან შედგება (9 მოგება და 5 ფრე).

იურგენ კლოპმა მეექვსედ დაამარცხა პეპ გვარდიოლა. ამ უკანასკნელს არც ერთ მწვრთნელთან არ აქვს ამდენი წაგება.