ჩემპიონთა ლიგა | ფინალი ნახევარფინალში - გვარდიოლა ნეიმარი-მბაპეს შეჩერებას შეეცდება #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგა | ფინალი ნახევარფინალში - გვარდიოლა ნეიმარი-მბაპეს შეჩერებას შეეცდება #1TVSPORT

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის მეორე შეხვედრაში „პარი სენ-ჟერმენი“ „მანჩესტერ სიტის“ დაუპირისპირდება და წინა შეხვედრისგან გასხვავებით, აქ დაძაბული, საინტერესო და სანახაობრივი ფეხბურთი უნდა ვიხილოთ. ორივე გუნდის დღევანდელ ფორმას თუ გავითვალისწინებთ, ისინი ტურნირის მთავარ ფავორიტებადაც მოიაზრებიან.

გვარდიოლას გუნდი ამ სეზონში შეუჩერებელია. „სიტი“ პრემიერლიგაში უახლოეს მიმდევარს „მანჩესტერ იუნაიტედს“ 10 ქულით უსწრებს და სულ რამდენიმე ნაბიჯი აშორებს ტიტულამდე. გუნდს მიკროტრავმის შემდეგ „ტოტენჰემთან“ დაუბრუნდა კევინ დე ბრუინი, რომელიც გვარდიოლას ფორმაციის „სიტის“ საყრდენი წერტილია და მისი ყოფნა გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გამორჩეულ სეზონს ატარებს ფილ ფოდენი, რომელიც ძირითადი შემადგენლობის უცვლელ წევრად იქცა და ამ დაპირისპირებაშიც დიდი როლი ექნება. პეპისთვის ჩემპიონთა ლიგა ბოლო დროის მთავარ გამოწვევად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ მან „ბარსელონას“ შემდეგ მიუნხენის „ბაიერნში“ უძლიერესი გუნდი დააკომპლექტა, ესპანელმა მაინც ვერ მოახერხა ტიტულის მოპოვება და „სიტიშიც“ სულ მცირე აშორებს ხოლმე ფინალამდე.

გვარდიოლამ ჩემპიონთა ლიგა ბოლოს 2011 წელს მოიგო

რაც შეეხება „პარი სენ-ჟერმენს“, ბევრისთვის მოულოდნელად პოჩეტინოს გუნდი ვერ ახერხებს ლიგა 1-ში მარტივად ჩემპიონობას. 34 ტურის შემდეგ იქ ძალიან დაძაბული სიტუაციაა – პირველ ადგილზე „ლილი“ იმყოფება 74 ქულით, მეორეზეა პსჟ – 73-ით, ხოლო მესამეზე „მონაკო“ 72 ქულით. შესაბამისად, გარდა ჩემპიონთა ლიგისა პარიზული გუნდი ცალი თვალით საფრანგეთის ჩემპიონატში იყურება, მაგრამ პოჩეტინოსთვის და პსჟ-სთვის პრიორიტეტული, რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგა და ამ ტურნირში პირველი ტიტულის მოპოვებაა. „პარი სენ-ჟერმენი“ წინა სეზონის ფინალისტია, პოჩეტინო კი 2019 წელს „ტოტენჰემთან“ ერთად გავიდა საბოლოო ეტაპზე.

ნებისმიერ შემთხვევაში ფინალში ისეთი გუნდი გავა, რომელსაც ჩემპიონთა ლიგა არ აქვს მოგებული. ეს გუნდები ბოლოს ერთმანეთს 2016 წელს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში დაუპირისპირდნენ. ორმატჩიან დუელში კი შემდეგ ეტაპზე „სიტი“ გავიდა.

2016 წელს გადამწყვეტი გოლი დე ბრუინმა გაიტანა

დღეს ორივე გუნდი ოპტიმალური შემადგენლობით იქნება.

სავარაუდო შემადგენლობები

პსჟ: ნავასი, ფლორენცი, მარკინიოსი, კიმპემპე, დიალო, გეიე, პარედესი, დი მარია, ვერატი, ნეიმარი, მბაპე.

სიტი: ედერსონი, უოკერი, სტოუნსი, რუბენ დიასი, კანსელო, როდრი, გუნდოგანი, მაჰრეზი, დე ბრუინი, ფოდენი.

 

მწვრთნელების კომენტარი

მაურისიო პოჩეტინო (პსჟ): ორივე გუნდს ჰყავს არაჩვეულებრივი ფეხბურთელები, რომლებსაც თამაშის გაკონტროლება 90 წუთის განმავლობაში შეეძლებათ. „სიტი“ ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია მსოფლიოში, საუკეთესო მწვრთნელით, შესაბამისად მათთან თამაში უფრო რთული იქნება ვიდრე „ბაიერნთან“. 180 წუთის განმავლობაში ვინც უკეთესი იქნება, ის გავა ფინალში და ჩვენ უნდა ვაჯობოთ მათ.

პეპ გვარდიოლა (სიტი): პარიზელები მიჩვეულები არიან ისეთ გუნდებთან თამაშით, რომლებიც 90 წუთის განმავლობაში თავს იცავენ. ეს არ არის საუკეთესო გზა ისეთ გუნდთან სათამაშოდ, რომელსაც ყველაფერი აქვს. ვიცი რომ მათ ძლიერი შემტევები ჰყავთ, მაგრამ ეს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალია. 90 წუთის განმავლობაში არ ვაპირებ იმაზე ფიქრს, თუ რა კარგი ფეხბურთელები ჰყავთ და და როგორ უნდა გავუმკლავდეთ მათ. მე იოჰან კრუიფისგან ვისწავლე, რომ უნდა ისიამოვნო ფეხბურთითა და პასუხისმგებლობით. ტოპ მოთამაშეები სიამოვნებას იღებენ პასუხისმგებლობით და ამიტომაც ხდებიან ამ ტურნირის გამარჯვებულები საუკეთესოები.