ჩემპიონთა ლიგა | დვალი „ბარსელონას“ წინააღმდეგ - კატალონიელებმა ბოლო საშინაო მატჩი სალუქვაძის გუნდთან წააგეს
20 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგის მორიგი გათამაშება გაიხსნება. დაგეგმილი რვა მატჩიდან ყველაზე დიდ ინტერესს პსჟ-სა და „მანჩესტერ იუნაიტედის“ დაპირისპირება იწვევს, თუმცა ქართველი გულშემატკივრების დიდი ნაწილი მაინც „ბარსელონა“-„ფერენცვაროშის” შეხვედრას მიანიჭებს უპირატესობას.
არა მხოლოდ იმიტომ, რომ კატალონიელებს ჩვენთან ბევრი ქომაგი ჰყავთ – საქმე ის არის, რომ „ფერენცვაროშის“ ღირსებას ქართველი მცველი ლაშა დვალი იცავს. დიდი ალბათობით ის უნგრელთა სასტარტო შემადგენლობაში იქნება და მასპინძლების იერიშებთან ღირსეულად გამკლავებას შეეცდება.
ვინ მოიგებს? ამ შეკითხვაზე პასუხს 90 წუთის ამოწურვის შემდეგ მივიღებთ. ფავორიტი, რა თქმა უნდა, „ბარსაა“. კატალონიელებს ხომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე შინ 2009 წლის შემდეგ არ წაუგიათ – ზუსტად 11 წლის წინ, ოქტომბერში პეპ გვარდიოლას გუნდმა ყაზანის „რუბინთან“ წააგო. მატჩში მონაწილეობა ქართველმა მცველმა მიიღო – ლაშა სალუქვაძემ, რომელმაც მართლაც უშეცდომოდ ითამაშა. ვნახოთ, წლების შემდეგ მეორე ქართველი მცველის „კამპ ნოუზე“ სტუმრობა როგორ დასრულდება… იმასაც დავძენთ, რომ „ფერენცვარშს” 1995-16 წლების სეზონის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე არ უთამაშია.
1992 წლის ტრიუმფის შემდეგ „ბარსასთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგაზე დასაბრუნებლად ემზადება რონალდ კუმანი. ის ამ შეჯიბრებაში კატალონიური კლუბის თავკაცის პოსტზე პირველ მატჩს გამართავს. 1992-ში, ჩემპიონთა თასის ფინალში სწორედ მისი ზუსტი საჯარიმო დარტყმა აღმოჩნდა გადამწყვეტი – „ბასელონამ“ „სამპდორია“ 1:0 დაამარცხა. ეს იყო პირველი ჩემპიონთა თასი „ბარსელონას“ ყულაბაში. სადღეისოდ კუმანი გაცილებით ტიტულოვან გუნდში მუშაობს – კატალონიელებს ჩემპიონთა თასი უკვე ხუთჯერ აქვთ მოგებული.
20 ოქტომბრის მატჩები
20:55 დინამო(უკრაინა)-იუვენტუსი (იტალია)
20:55 ზენიტი (რუსეთი)-ბრიუგე (ბელგია)
23:00 ბარსელონა (ესპანეთი)-ფერენცვაროში (უნგრეთი)
23:00 ლაციო (იტალია)-დორტმუნდი (გერმანია)
23:00 ლაიფციგი (გერმანია)-ბასაკშეჰირი (თურქეთი)
23:00 რენი (საფრანგეთი)-კრასნოდარი (რუსეთი)
23:00 პსჟ (საფრანგეთი)-მანჩესტერ იუნაიტედი (ინგლისი)
23:00 ჩელსი (ინგლისი)-სევილია (ესპანეთი)
A ჯგუფი – ბაიერნი, ატლეტიკო, ზალცბურგი, ლოკომოტივი;
B ჯგუფი – რეალი, შახტარი, ინტერი, გლადბახი;
C ჯგუფი – პორტუ, მანჩესტერ სიტი, ოლიმპიაკოსი, მარსელი;
D ჯგუფი – ლივერპული, აიაქსი, ატალანტა, მიდტიულანდი;
E ჯგუფი – სევილია, ჩელსი, კრასნოდარი, რენი;
F ჯგუფი – ზენიტი, დორტმუნდი, ლაციო, ბრიუგე;
G ჯგუფი – იუვენტუსი, ბარსელონა, დინამო (კ), ფერენცვაროში;
H ჯგუფი – პარი სენ-ჟერმენი, მანჩესტერ იუნაიტედი, ლაიპციგი, ბაშაქშეჰირი.