დღეს, 18 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონი იწყება და დღის მთავარი შეხვედრა ლივერპულში, სტადიონ „ენფილდზე“ გაიმართება, სადაც გასული წლის ფინალისტი „პარი სენ-ჟერმენს” უმასპინძლებს.
იურგენ კლოპის გუნდმა ახალი სეზონი ძალიან კარგად დაიწყო – ხუთიდან 5 მოგება ინგლისის პრემიერ ლიგაში. ბოლო მატჩში „ლივერპულმა“ სტუმრად „ტოტენჰემი“ 2:1 დაამარცხა და უდანაკარგოდ მიდის. მიუხედავად ამისა, მერსესაიდულ გრანდს პრობლემები აქვს და ეს უმეტესწილად დაცვას ეხება: დეიან ლოვრენი ტრავმირებულია და ახალგაზრდა ჯო გომესს უწევს თამაში. გარდა ამისა, დღეს საღამოს საეჭვოა ბრაზილიელი თავდამსხმელის, რობერტო ფირმინოს თამაში, რომელსაც თვალის დაზიანება აქვს. მას სავარაუდოდ ახალწვეული ჯერდან შაჩირი შეცვლის.
სეზონი „პარი სენ ჟერმენმაც“ დამაჯერებლად დაიწყო. პარიზელებმა ასევე ხუთიდან ხუთი მატჩი მოიგეს და თითო მატჩში მინიმუმ 3 გოლი გაიტანეს. გასულ უქმეებზე გუნდმა შინ „სენტ-ეტიენი“ 4:0 გაანადგურა, თანაც ისე, რომ გუნდის ორ მთავარ ვარსკვლავს, ნეიმარსა და კილიან მბაპეს, არ უთამაშიათ. „ლივერპულის“ წინააღმდეგ საკუთარ გუნდს შესაძლოა ტიაგო სილვა ვერ დაეხმაროს. ბრაზილიელმა წინა მატჩში კუნთის დაზიანების გამო მოედანი იძულებით დატოვა და მისი თამაში საეჭვოა. სილვას შემცვლელი ახალგაზრდა ფრანგი პრესნელ კიმპემბეა.
გარდა ამისა, გუნდს მარკო ვერატი ვერ დაეხმარება – იტალიელმა გასული სეზონის საპასუხო 1/8 ფინალურ თამაშში (პსჟ 1:2 რეალი) მიიღო წითელი ბარათი და დისკვალიფიკაცია ახალ სეზონში გადმოყვა. თამაშს ასევე დისკვალიფიკაციის გამო ტოვებს იტალიელი ლეგენდა ჯანლუიჯი ბუფონი. სავარაუდო შემადგენლობები:
ლივერპული – ალისონი; არნოლდი, ვან დეიკი, გომესი, რობერტსონი; მილნერი, ჰენდერსონი, კეიტა; სალაჰი, ფირმინო, მანე.
პსჟ – არეოლა; მენიე, კიმპემბე, ტიაგო სილვა, ბერნატი; მარკინიოსი, რაბიო, დი მარია; ნეიმარი, კავანი, მბაპე.
თამაში თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
მთავარი მსაჯი: ჩუნეით ჩაქირი